ივანიშვილი: საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, დავიწყოთ აბასთუმნით (ვიდეო)

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო.

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო. დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.

დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღე მრევლს მეუფე თეოდორემ მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა:

„ბატონი ბიძინას დამსახურებაა ეს და მისი პირადი შეწევნა, რომ აწყურის ტაძარი შენდება. თქვენ იცით რამხელა მადლია აწყურის ტაძარში. ეს არის პირველი კათედრა საქართველოში. ეს არის ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული კათედრალი.
ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის სამონასტრო კომპლექსი, კეთდება აგარების სამონასტრო კომპლექსი, თისელის სამონასტრო კომპლექსი. ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში, იქეთ აღარ ჩამოვთვლი. აბასთუმანში კეთდება კიდევ ძალიან ბევრი რამ. დაიწყო დედათა მონასტრის დამწვარი სახლის რესტავრაცია და ძალიან ბევრი შენობის რესტავრაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ აბასთუმანი გადაიქცევა მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად და მნიშვნელოვან კურორტად და თითოეული ჩვენგანისთვის, არამარტო აქ მცხოვრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული ადგილი.“

მრევლს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დღესასწაულს აბასთუმნობასაც ეძახიან:

„წმინა პანტელეიმონი გახლდათ უანგარო მკურნალი. თითოეულ თქვენს ოჯახს მივულოცავ ამ დღეს. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ჩვენ თითოულმა უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. დავიწყოთ აბასთუმნით, მოვდოთ ეს მთელ საქართველოს,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღესვე, ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად, აბასთუმანში მდებარე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...