თაკო ჩარკვიანი: ივანიშვილი ნატრობს, ბოკერია ოპოზიციის მომავალ ლიდერად დასახელდეს (ინტერვიუ)

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გაფართოებულმა შეკრებამ თავისი თავი ამოწურა და აქვე დასძენს, რომ გარკვეული პარტიები გადაერთვნენ „ძალა ერთობაშია“ კონსულტაციების ფორმატში, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი ისევ ხაზგასმით ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძესთან ერთად რაიმე სახის თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია. ამავე დროს ის გიგა ბოკერიასაც აკრიტიკებს და თვლის, რომ მისი მოქმედებებიდან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი და თუ ბოკერია პუტინს მანდატს ჩაუგდებს ხელში პრორუსული ძალების მეშვეობით, გამოჩნდება, რომ მან თავის ღირებულებებს გადაუარა.

რატომ დაასახელა გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად, შეხვდა თუ არა წინააღმდეგობა ამას და რას ფიქრობს ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში თაკო ჩარკვიანი საუბრობს:

_ პრემიერ-მინისტრის პოტენციურ კანდიდატად დაასახელეთ გიორგი ვაშაძე. შემდეგ თითქოს გაჩერდა ეს თემა. რა ხდება ამ თვალსაზრისით?

_ არა, არც არაფერი გაჩერებულა და არც არაფერი დაწყებულა (ინტერვიუ ჩაწერილია გუშინ, 1 ივლისს, სწორედ მას შემდეგ დაიწყო გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზე სხვადასხვაგვარი მოსაზრებების გავრცელება ოპოზიციაში, შესაბამისად ამ თემაზე სხვადასხვა პოლიტიკოსების გამონათქვამებზე აქცენტი არ გაგვიმახვილებია ავტ:). მე უალტერნატივოდ არც დამისახელებია და ჩემს იმ განცხადებაში ეს ვთქვი კიდეც. ვთქვი, რომ რადგანაც ვერ ხერხდება ეს კონსოლიდაცია, ამიტომ გავაჟღერე ეს იდეა. იყო განცხადებები, რომ მიშასგან იყო წამოსული ეს ინიციატივაო, მაგარმ ეს ასე არ არის, მაგრამ სააკაშვილმა 2018 წელს თქვა მასზე, რომ ახალგაზრდა კაცია და კარგი პრემიერი იქნებოდაო. ეს მე დავიმახსოვრე და ჩემთვის ვფიქრობდი, როგორი კანდიდატურა შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც ძალიან ბევრისთვის მისაღები იქნებოდა და აქედან გამომდინარე მივედი ამ იდეამდე.

_ ასეთი ინფორმაცია გაჩნდა, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდა გიორგი ვაშაძის კანდიდატურის წინააღმდეგ. ამაზე რას გვეტყვით?

_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრს მოეწონა ეს აზრი, ძალიან ბევრს მოეწონა, მაგრამ უფრო გაუხარდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ყოფილიყო, რაც ნორმალურია. არის მესამე ნაწილი, რომელსაც სხვა კანდიდატი ჰყავს.

_ ვინ არის ის სხვა კანდიდატი?

_ ამაზე მე ვერ დავიწყებ საუბარს, ეს ჩემი მხრიდან ძალიან უხერხული იქნება. ამიტომ მე თავს შევიკავებ ამის დასახელებისგან. მე ვთქვი, რომ გაერთიანებული ოპოზიციის გაფართოებული ფორმატი თავისი თავის ამოწურვისკენ წავიდა და ჩვენ ჩვენი ფორმატი „ძალა ერთობაშია“ არ დაგვიხურავს და ვხვდებით ხოლმე სასაუბროდ. ერთ-ერთ სამუშაო შეკრებაზე მივედი ჩემს კოლეგებთან და გავაჟღერე ეს იდეა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს შტაბის ხელმძღვანელი იყო გიორგი ვაშაძე, რომელსაც ნდობა გამოუცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მანაც ძალიან ერთგულად წაიყვანა ეს პროცესი. მანამდე სააკაშვილმა დაასახელა ასევე უწყინარ ფორმატში, რომ კარგი პრემიერი იქნებოდაო. მე ჩემს კოლეგებს მივმართე, რომ ამ კანდიდატზე ვიფიქროთ-მეთქი.

_ ასეთი ხუმრობაც კი გაჩნდა ამის გამო, რომ რა ვალი აქვს თაკო ჩარკვიანს ვაშაძეებისო…

_ კარგი იუმორია… რაღაც გონიერი ხალხია ამ გვარში… იცით, როგორ დიდ პატივს ვცემ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, როგორც უმაღლესი განათლების დიპლომატს. მაგრამ ახლა სხვა ინსტიტუციაზე იყო საუბარი. იყო მოსაზრებები, რომ ადრე რატომ დაასახელე პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეო, მაგრამ ადრე არ არის. პირიქით მერე ძალიან ვაგვიანებთ ხოლმე და მერე, ბოლო წამს ხალხი ბოლო  წამს იძულებითი არჩევანის წინაშეა ხოლმე.

_ სხვა საკვანძო თანამდებობების დასახელებასაც ხომ არ გეგმავთ?

_ ჩემი მხრიდან ვაშაძის კანდიდატურის დასახელება მოხდა უწყინარ ფორმატში და ამაზე არ მიფიქრია. თუმცა, ხალხს წინასწარ უნდა უთხრა, რა კაბინეტზე ფიქრობ. კაბინეტი ნაკლებად მაინტერესებს, ჩემთვის სხვა საკითხები უფრო მნიშვნელოვანია. მე გარკვეულ ადამიანებს უკვე ვესაუბრე, რომ ვაშაძე იქნება, პეტრიაშვილი, თუ პავლიაშვილი ეს მე არ მაინტერესებს, თუ მას არ დავახვედრეთ რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა და თუ არ გავატარეთ რეფორმები.

_ ასეთი კრიტიკაც გაისმა, რომ ჯერ არჩევნები არ მოუგიათ და რა თანამდებობებზე ლაპარაკობენო. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

_ არავითარ თანამდებობაზე არ არის ლაპარაკი. ხალხს შენ ხომ უნდა აჩვენო, რის გაკეთებას აპირებ?! ამიტომ, შენ შენი სავარაუდო სქემა უნდა წარუდგინო! რა მნიშვნელობა აქვს მოიგებ თუ წააგებ, მაგრამ ზოგადად იბრძვი იმისთვის, რომ ქვეყანაში მოვიყვანოთ ისეთი სისტემა, სადაც ადამიანები კი არ უნდა დასაჯონ პრემიერებმა, ან არ დასაჯონ, არამედ ისეთი სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომლის რიდიც ექნებათ პრემიერებს.

ამ ტიპის რეფორმირებული სისტემის ქვეშ ჩავთვალე, რომ სასიამოვნო იქნებოდა დიდი ენერგეტიკის ახალგაზრდა, რომლის სახელიც უკავშირდება სააკაშვილის დროს გატარებულ რეფორმებს. ვგულისხმობ, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს – იუსტიციის სახლს. ამიტომ დავასახელე, თუმცა ისიც დავამატე ღია ეთერში, რომ თუ უკეთეს ალტერნატივას გამოჩნდება მოლაპარაკებების პროცესში, ისიც განვიხილოთ მეთქი. ვაშაძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაგრამ ერთგულია სააკაშვილის რეფორმების, მისი სახელი არ უკავშირდება ძალოვან სტრუქტურებს და ამ სტრუქტურების მიმართ საზოგადოების ზიზღს. ვინც შესაძლოა თავს იკავებდეს იმ 9 წლის გამო მხარდაჭერისგან, ამიტომ ჩავთვალე, რომ  ვაშაძის კანდიდატურა ყველასთვის მისაღები იქნებოდა. მაგრამ, ეს არის მუშა პროცესი, თუ ვინმე კიდევ დაასახელებს, იმის მიხედვით უნდა შეჯერდეს.

_ ასე გგონიათ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატმა თავისი თავი ამოწურა?

_ აუცილებლად. საერთოდ, როდესაც მე ვიღაცაზე ვსაუბრობ, მე ამაზე იმიტომ კი არ ვსაუბრობ, რომ ვინმეს ამოჩემება მაქვს. მე ვსაუბრობ, როგორც რუსულ ვექტორზე. ექსპერტების სია რომ გამოქვეყნდა, ვინც იღებენ ხელფასს „ქართული ოცნებისგან“, კარგად მახსოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვის უჭერდნენ ეს ექსპერტები მხარს, მათ შორის ბურჯანაძის პარტიიდანაც. იმიტომ ვამბობ, რომ იმ შეხვედრებზე ივანიშვილის ყური იღებდა მონაწილეობას.

_ თუმცა, იმასაც ვხედავთ, როგორ მწვავედ აკრიტიკებს ბურჯანაძე ივანიშვილს და როგორ დაპირისპირებულია მასთან. პრაქტიკულად არაფრით არ განასხვავებს წინა ხელისუფლებისგან…

_ ეს უშიშროების მეთოდებია, ერთი ხელით აკრიტიკებს, მეორე ხელით მისგან ფინანსდება მისი პოლიტსაბჭოს მდივანი. ოფიციალურად ხელფასს იღებს მისგან. ამას ვყვირი.

_ თქვენს კრიტიკას ჩვენთან ინტერვიუში ბურჯანაძემ არ უპასუხა და თქვა, რომ არაპოლიტიკოსებს პასუხს არ სცემს…

_ ეს მისი უფლებაა. 30 წლიანი ნათაღლითარი პოლიტიკოსებისთვის ისეთი როგორიც ეს ქალბატონია, პოლიტიკაში ყოფნა უკავშირდება დიდ ხნოვანებას. დიდი ხანი რომ თაღლითობს სამშობლოსა და ხალხის ბიუჯეტის ხარჯზე, მას ეს ჰგონია პოლიტიკოსობა. ქართულ პოლიტიკას სისხლი უნდა გადაესხას. შეუძლებელია ამ ტიპის ნათაღლითარი პოლიტიკოსები, ოკუპანტ პუტინთან შეკრული პოლიტიკოსები წარმართავდნენ ქვეყნის პოლიტიკას. მისი პოლიტსაბჭოს მდივანი „ოცნებისგან“ იღებს ხელფასს. თუ ტყუილი ინფორმაციაა, იჩივლონ.

_ ვის გულისხმობთ?

_ გიორგი ახვლედიანს, რომელიც „რედისონის“ შეკრებების დროს ბურჯანაძესთან ერთად იყო ხოლმე და ის ფულს იღებს ივანიშვილისგან და ლაშა ნაცვლიშვილისგან (გიორგი ახვლედიანი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ უბრალოდ სახელებისა და გვარების დამთხვევაა ავტ:). ამხელა გადაცემა იყო. ხალხი მირეკავდნენ, რომ გვჯეროდა, მაგრამ ახლა შოკში ვარ. ბურჯანაძე სააკაშვილს რომ ეუბნება, როცა ჩამოხვალ დაგიჭერო, იმ სააკაშვილის დროს 25-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი. ამ გადასახედიდან სააკაშვილს რომ ვუყურებ, რომელსაც მე ვაკრიტიკებდი, მას ერთ მხარეს ბურჯანაძე ჰყავდა, მეორე მახარეს ბოკერია, ამ ფონზე მას კიდევ კარგად მოუხერხებია ის, რაც მან გააკეთა.

_ მწვავედ აკრიტიკებთ ბურჯანაძესა და ბოკერიას. ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ნათელაშვილი და სხვები კი ამბობენ, რომ ახლა ოპოზიციური გარჩევების დრო არ არის და როდესაც ივანიშვილს დაამარცხებენ, მერე იმსჯელებენ ამაზე. თქვენი ეს განცხადებები ნებსით თუ უნებლიედ ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმად ხომ არ აღიქმება?

_ ახლა რომ ბოკერია დასახელდეს ოპოზიციის ლიდერად, არის თუ არა ეს ივანიშვილის გეგმა? ივანიშვილი ნატრობს, რომ იმ 9 წლის უშიშროების საბჭოს მდივანი დასახელდეს სავარაუდო მომავალ ლიდერად.

_ რატომ ნატრობს?

_ არარეიტინგული ფიგურაა და ვერ გავა. ეს ყველამ იცის. პუტინის ორბიტაზე მოთამაშე ლიდერიც რომ ვერ გავა, ესეც ხომ ცალსახაა?! დავუშვათ რუსული ვექტორის მაჟორიტარები დაასახელეს გაერთიანებული ოპოზიციამ, ის ხომ ვერ აიღებს ხმებს, მე კი ნუ დამიჯერებთ, მათი პროცენტები ნახეთ. ვის უქმნი ამით კომფორტს? აპრიორი ხელისუფლებას. დასავლური ვექტორის ამომრჩეველი რუსულ ვექტორს ხმას არ მისცემს.

ბოკერიამ რაც გააკეთა 2016 წელს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, როდესაც მათ ფორმატში მოპოვებული მანდატები წაიღო, ამ შემთხვევაშიც სად გვაქვს გარანტია, რომ რუსული ვექტორი და ბოკერია არ შეეკვრება ივანიშვილს პარლამენტში შესვლის შემდეგ?!

_ მოგყვებით ლოგიკაში. ივანიშვილს უწოდებთ ხოლმე პუტინის ფლანგზე მოთამაშეს, ასევე ბურჯანაძესაც. როცა ბოკერიასაც ივანიშვილთან გარიგებაში მოიხსენიებთ, რა გამოდის? უკვე ბოკერიასაც ამ ფლანგზე მოიაზრებთ?

_ არა, არასოდეს არ მოვიაზრებ. ყოველთვის ვამბობდი ამას, მაგრამ ვიმეორებ, როგორც ჩანს ბოკერიას სააკაშვილის ჯინაზე მოქმედებების გარდა სხვა ინტერესი არ აქვს. მისი ერთადერთი ინტერესია, რომ თვითონ თავისი პარტიით იყოს პირველი. გადახედეთ რეიტინგს და დაინახავთ, რომ პირველი ვერ არის. თუ ამის გამო ბოკერია წავა იმაზე, რომ მანდატი ჩაუვარდეს ხელში პუტინს, პირდაპირი მნიშვნელობით, მაშინ ჩავთვლი, რომ თავისი ამჩატებული მიზნების გამო, ღირებულებებს გადაუარა. ეს იქნება ჩემი ვერდიქტი მის მიმართ. რისთვისაც არასოდეს არ ვიმეტებ ხოლმე. ეს იქნება ჩემი მისადმი საბოლოო დამოკიდებულება.

რუსული ვექტორის რეიტინგი არის არაუმეტეს 3 %-ისა, რა მისცა რუსულმა ვექტორმა ოპოზიციას? ამომრჩეველს როგორ უნდა ვუთხრათ, პუტინის მომხრეს მიეცი ხმაო? ხალხო სირცხვილი აღარ არის. ნახეთ რას წერენ ხალხი სოციალურ ქსელებში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ არის პროდასავლური პარტიები, მათ შორის უპირველეს ყოვლისა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. ეს არის უმსხვილესი პარტია და მისი ამომრჩევლის აზრი მაინტერესებს. მიხარია, რომ არჩევნებში უნდა დავრჩეთ დასავლური ვექტორის ერთგულები. ამას ვამბობს სრული პასუხისმგებლობით.

ჩემი შვილების თაობის წინაშე ვიძლევი გარანტიას, რომ საქართველოში რუსული ვექტორი რეინკარნაციას ვერ შეძლებს. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

_ მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ, გაერთიანებული ოპოზიციის გაფართოებულმა ფორმატმა ამოწურა თავისი თავი, მაინც მიმდინარეობს მსჯელობა საერთო კანდიდატებზე. ამ ფონზე „ლელომ“ თქვა, რომ ყველა ოლქში საკუთარ კანდიდატებს წარადგენს. როგორ უყურებთ ამ საკითხს?

_ მე ვიცოდი, რომ ეს ასე მოხდებოდა. მე მქონდა ცოტა ხნის წინ თქვენთან ინტერვიუ და მე ეს მაშინაც ვთქვი. გამორიცხული იყო, რომ „ლელოს“ რუსული ვექტორისთვის დაეთმო რამდენიმე ხმა. მას თავისი ინდივიდუალური თამაში უფრო აწყობს. ამას პოლიტიკური ანალიზის შედეგად ვამბობ, ამიტომ ჩავთვალე, რომ „ლელო“ ამას გააკეთებდა.

_ ინდივიდუალურ თამაშში რას გულისხმობთ, ეს არის თავისი თამაში თუ მასაც ივანიშვილის ფლანგზე მოიაზრებთ?

_ არ მინდა ახლა ჩავძირო და ვთქვა, რომ ამის თამაშია თუ იმის. ახლა მას აწყობს ინდივიდუალური თამაში ითამაშოს, თუმცა გახსოვთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ გააკეთა მოწოდება, რომ ვაშაძეს არ მისცეთ ხმაო. არც ახლაა გამორიცხული, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ იგივე გააკეთონ.

_ ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ ისიც, რომ ახსნა ეს ხაზარაძემ და თქვა როგორ ხდებოდა მასზე ზეწოლა და ანაკლიის პროექტი დგებოდა რისკის ქვეშ…

_ ახლაც ახსნის. ზუსტად იგივეს იტყვის. ძალიან არ მინდა, რომ ეს მოხდეს. აქვე ვიტყვი იმას, რომ მიუხედავად ჩემი მწვავე ოპონირებისა, ძალიან მინდა, რომ გიგა ბოკერიასაც ბოლომდე არ შეეშალოს. პუტინთან გარიგება ჩემთვის ყველაზე უარესია. ეს თემა ჩემთვის არის წითელი ხაზი. კვირას თქვა ბურჯანაძემ, რომ საქართველო არ უნდა შევიდეს ნატოში, იმიტომ რომ რუსეთი არ გააღიზიანოსო, ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მე ბოლომდე გავივლი ამ არჩევნებს, ისე, რომ სახეს არ დავკარგავ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად