ივანე მაჭავარიანი: ვაქცინის შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ გადამუშავებული დოკუმენტი პარლამენტში 30 ნოემბრამდე შევა.

„როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ვვარაუდობდით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, თუმცა პროგნოზი ჩამოვწიეთ 4.3 პროცენტზე, რაც უკავშირდება გამწვავებულ პანდემიურ ფონს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

ამავდროულად, ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია ვაქცინის შესახებ, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3 პროცენტის ფარგლებში დაიგეგმება, იმიტომ, რომ, რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრი კვლავაც მაღალი შენარჩუნდება, იმიტომ, რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე, ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, რითაც ხასიათდებოდა 2020 წელიც.

აქ შედის როგორც კარანტინის, ისე მკურნალობისა და ტესტირების და რაც მთავარია, იმედი მაქვს, რომ შევა ვაქცინის ხარჯები, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი. ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული და განახლებული ბიუჯეტით პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვსდგებით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად