ივანე მაჭავარიანი: მოვუწოდებთ დამსაქმებლებს, დროულად მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც 1200-ლარიანი კომპენსაცია უნდა მიიღონ

მოვუწოდებთ დამსაქმებლებს დროულად მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოსგან 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი უნდა მიიღონ, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში და ამ ინფორმაციის წარდგენა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დამსაქმებელს მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე შეუძლიათ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება, იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ სხვა. მათ პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ თანამშრომელთა საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება.

ამავდროულად, იცით, რომ მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის თარიღით იყო განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენის ვადა და შემდეგ 1-ელ ივნისამდე გადავწიეთ. კიდევ გავიმეორებ პირობებს – აღნიშნული კომპენსაცია ერგებათ მათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და დღეს, ხელფასი აღარ ერიცხებათ”,-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად