იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ნინო გვენეტაძემ მურუსიძის დანიშვნას ხელი იმავე დღეს მოაწერა

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ  ლევან მურუსიძის გამწესებას ხელი 2015 წლის 25 დეკემბერს მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ "აიპრესთან" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ადასტურებს.

როგორც პრესსამსახურში გაგვიცხადეს, გადაწყვეტილებას ხელი ნინო გვენეტაძის მიერ იმავე დღეს 2015 წლის 25 დეკემბერს მოაწერა.

" ლევან მურუსიძე  განმწესდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე  3 წლის ვადით, 2016 წლის 4 იანვრიდან", – წერია ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილებაში. 

შეგახსენებთ, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ათმა წევრმა თოთხმეტიდან, ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ აირჩია.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ხმა მურუსიძის წინააღმდეგ მისცა  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იყო, წარშულში ე.წ მეამბოხე მოსამართლე, რომელსაც თავის დროზე მურუსიძემ სხვებთან ერთად განაჩენი გამოუტანა.

რაც შეეხება მეორე წევრს, ის საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ იყო წარდგენილი. ვახტანგ მჭედლიშვილმა თავის თავზე გარკვეული პასუხისმგებლობების აღებას თამაშიდან გასვლა ამჯობინა და კენჭისყრის პროცესი საერთოდ დატოვა.

მურუსიძის არჩევას მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმაც: ევა გოცირიძემ, კახა სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ. საზოგადოებაში გამოწვეული უკმაყოფილებისა და ვნებათაღელვის გამო არამოსამართლე წევრები იძულებულები გახდნენ, საკუთარი არჩევანი ასე განემარტათ: „არც ის იქნებოდა სამართლიანი, რომ საბჭომ და საერთოდ საზოგადოებამ, წარსულის, თუნდაც, სერიოზული შეცდომების გამო, მთელი პასუხისმგებლობა ინდივიდებს დააკისროს, მაშინ როდესაც მათ მთლიანად არაჯანსაღ ვითარებაში, პროკურატურის სრული დომინაციის, ხელისუფლების ზეწოლისა და ისეთი კანონმდებლობის პირობებში უხდებოდათ საქმიანობა, რომელიც მოსამართლეებს არა მარტო ფაქტობრივად, არამედ სამართლებრივადაც უუფლებო მდგომარეობაში ამყოფებდა, ხოლო ყოველგვარი კრიტიკული აზრის გამოთქმა, სამსახურის დატოვებითა და ზოგჯერ კიდევ უფრო მძიმე შედეგებით სრულდებოდა.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად