იუსტიციის სახლში აბონენტის რეგისტრაციის ცვლილების სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო მეტ აბონენტს შეუძლია

იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიწოდების პროცესის გამარტივებაზე. ამჯერად, კომუნალური გადასახადების ქვითრებში და ენერგორესურსების გამანაწილებელი კომპანიების მონაცემთა ბაზებში სწორი მონაცემების დაფიქსირება ნაცვლად ათისა უკვე 27 კომპანიაში გახდა შესაძლებელი. ინფორმაციას ახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების  კომპანიების მომსახურება. აბონენტის რეგისტრაციის ცვლილება აბონენტებს იუსტიციის სახლის 22-ვე ფილიალში შეუძლიათ.

სპეციალურად ამ სერვისისთვის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისგან ელექტრონული განცხადების მიღებას; ასევე, მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლას იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის.

თუ აქამდე ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა ვიზიტი მინიმუმ სამ კომპანიაში (მაგალითად: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი) გამოცხადება, რათა მატერიალურად შევსებული განცხადების საფუძველზე ქვითარში ძველი მესაკუთრის ნაცვლად დაეფიქსირებინა საკუთარი რეკვიზიტები, მომსახურების იუსტიციის სახლში დანერგვა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს დრო, ხარჯები და  ქონების რეგისტრაციის პარალელურად მხოლოდ ერთი განცხადებით მიმართოს 27 სხვადასხვა კომპანიას ქვითარში აბონენტის რეკვიზიტების შეცვლასთან დაკავშირებით.

ეს კომპანიებია: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი, შპს რუსთავის წყალი, შპს მცხეთის წყალი, შპს თელავგაზი,   შპს ინტერ გაზი, შპს ვაკე, შპს ჩირაღდანი – XXI საუკუნე, შპს აკრიანი – 2006, შპს გასკო +, შპს ენერგია +, შპს ტაბა, სს საჩხერეგაზი, შპს გამა, შპს ყამარი მ, სს ენერგოკავშირი, შპს ვარკეთილაირი, შპს დიდი დიღომი, შპს მარნეულის სოფწყალი, შპს საჩხერის წყალკანალი, შპს ბათუმის წყალი, შპს ქობულეთის წყალი.

დღეის მდგომარეობით, კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემები ამ დრომდე 8039-მა მომხმარებელმა დააფიქსირა.

იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს.

იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ზრუნვა ორგანიზაციაში  კვლავ გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას – კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად