იუსტიციის მინისტრი: წარმოგიდგენთ უწყვეტ კადრს და დარწმუნდებით, რომ სახლიდან, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც სადარბაზოდან გამოვდივარ

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „შაბათის ფორმულაში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

სიუჟეტში გავრცელებული ბრალდებების სიყალბის დასასასტურებლად იუსტიციის მინისტრი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ გამოდის ის სადარბაზოდან.

„იმის დასტურად რომ მთელი სიუჟეტი ტყუილზეა დაფუძნებული, წარმოგიდგენთ უწყვეტ კადრს, რომელზეც ჩემს კორპუსთან ნათლად დაინახავთ ჯერ „ფორმულას“ მანქანას, იხილავთ, თუ როგორ შედის ტელეკომპანიის თანამშრომელთა ჯგუფი სადარბაზოში და როგორ ტოვებს ტერიტორიას. ბოლოს ნახავთ და დარწმუნდებით, რომ სახლიდან, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც სადარბაზოდან გამოვდივარ“, – წერს რატი ბრეგაძე.

მინისტრის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ფაქტების ნაცვლად მაყურებელს შესთავაზა „საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური ნიმუში, რომლის მიზანიც იმაში მდგომარეობს, რომ ხალხის მტრად გამოცხადდეს ყველა ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვს“.

„შაბათის ფორმულაში გავიდა ცილისმწამებლური სიუჟეტი სახელწოდებით: “სარდაფიდან გაქცეული მინისტრი”. მე პარასკევს მოვუწოდე ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, რომ წარმოედგინათ მტკიცებულებები და დაესაბუთებინათ ბრალდება, რომლის თანახმადაც თითქოს სარდაფიდან გავიპარე. კორპუსის იდუმალებით მოცული სარდაფიდან გაქცევის კადრების ნაცვლად კი შაბათს ვიხილეთ საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური ნიმუში, რომლის მიზანიც იმაში მდგომარეობს, რომ ხალხის მტრად გამოცხადდეს ყველა ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვს. სამწუხაროა იმის ყურება თუ როგორ აიძულებს პროპაგანდისტული მანქანა 21-ე საუკუნის თავისუფალ საქართველოში ახალგაზრდა ჟურნალისტებს სახალხო კომისრების მეთოდებით მუშაობას, “ – წერს რატი ბრეგაძე.

მინისტრის შეფასებით, სიუჟეტი, სიცრუის გავრცელების ხარისხით „ე.წ ფეიკ ნიუსის სტანდარტებსაც კი გასცდა და სიყალბის ახალი მწვერვალი დაიპყრო“.

„არა უშავს, შეუმცდარი არავინაა. მაყურებლის მოტყუებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ადამიანის დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ბოდიში შველის, რასაც ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება! – წერს რატი ბრეგაძე.

კომენტარები
იტვირთება...