იუსტიციის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი მიიღო

იუსტიციის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მიიღო. თეა წულუკიანსა და კარლ ჰარცელს შორის გამართული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

იუსტიციის მინისტრის საუბრის ძირითადი თემები იყო ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესი ევროპული ქვეყნების სამართალთან; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები; სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია და ეფექტური ბრძოლა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან; პირადობის დამადასტურებელი უსაფრთხო დოკუმენტები; სასამართლო რეფორმების უკვე განხორციელებული სამი ტალღა და დაგეგმილი რეფორმა კომერციული პალატების შემოტანის მიზნით; ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის პროცესი; ტრეფიკინგისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ღია მმართველობის სფეროში გატარებული რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა უფლებებს, მათ შორის, სისხლის სამართლის პროცესსა და სასჯელაღსრულების სისტემაში. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სისხლის სამართლის სფეროში შემოღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ბავშვთა უფლებების მაღალი ხარისხით დაცვა პენიტენციურ სისტემაში შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნებისათვის მისაბაძი მაგალითი და იქვე დასძინეს, რომ ახლა საჭიროა, ჩატარდეს საფუძვლიანი სამუშაო სრულწლოვან პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით ჯერ კიდევ საპატიმროში ყოფნისას.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ქვეყნის პროგრესს დემოკრატიზაციისა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები და შეფასებები. 2017 წელს კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში განხორციელებული რეფორმებით და 2016 წლიდან „OGP“-ს თავმჯდომარეობს. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, მინისტრის თქმით, ეს არის კომპლექსური და რთული, მაგრამ მაინც წარმატებული პროცესი, რომელიც გრძელდება, რათა დარჩენილი ხარვეზები შეივსოს. პროცესის ამ ეტაპის წარმატებაზე მოწმობს, თუნდაც, გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებლის ზრდა, მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული სასამართლო დავების მაღალი მაჩვენებელი, ისევე, როგორც ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საქმეთა საგრძნობლად მცირე ოდენობა.

კარლ ჰარცელმა საქათველოში ევროკავშირის ელჩის პოსტზე იანოშ ჰერმანი მიმდინარე წლის ზაფხულში შეცვალა. შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი დონალდ ტუსკის კაბინეტში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. მისი საქმიანობის სფეროში შედიოდა ცენტრალური აზიის და ევროკავშირის არაწევრი ევროპის ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების საკითხები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად