იური ლუცენკო სააკაშვილზე: როდესაც ვერ აკავებდნენ ჭკვიანი ადამიანები, სისულეების ლაყბობა დაიწყო – ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უკრაინაში მის მიმართ პატივისცემა ნული იყო

მთელ უკრაინას ახსოვს, როგორ ამბობდა სააკაშვილი იმას, რომ პოროშენკო როგორც კი არ იქნებოდა პრეზიდენტი, პენსია სამჯერ გაიზრდებოდა. უკრაინელ პენსიონერებს ახლა გული წყდებათ, რომ ამ უპასუხისმგებლო მოლაყბის სიტყვებს ენდობოდნენ, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ყველა თანამდებობაზე ყოფნისას, სააკაშვილი საქართველოს მიღწევების ექსპლუატაციას ცდილობდა.

„უკრაინაში საქართველოს მიმართ უზარმაზარი სიყვარულია. უკრაინელები დარწმუნებულები არიან, რომ თქვენი რეფორმები სწორია, მაგრამ არ ესმით ის, თუ რეფორმები სწორია, რატომ არ უნდა სააკაშვილს საქართველოში ჩასვლა და მის მიერ რეფორმირებული სასამართლოს წინაშე წარდგომა – ის ჩვენ გვასწავლიდა, როგორ უნდა მომხდარიყო სასამართლოსა და პოლიციის რეფორმა, მაგრამ საკუთარ მაგალითზე რომ ეჩვენებინა, მიუკერძოებელი სასამართლო როგორ გაასამართლებდა მას, ეს ვერ გაბედა. ყველას ესმოდა, რომ ეს იყო წმინდა წყლის დემაგოგია. არავითარი ეკონომიკური ცოდნა მას არ აქვს, უბრალოდ მას მაშინ საქართველოში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა, რომელმაც შეცვალა საქართველო, სააკაშვილი კი ამ იდეებს პოპულარიზაციას უწევდა. მან როდესაც დაკარგა გუნდი, სააკაშვილი საკუთარი თავის პოპულარიზაციით დაკავდა. როდესაც მას ვერ აკავებდნენ ჭკვიანი ადამიანები, სისულეების ლაყბობა დაიწყო. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უკრაინაში მის მიმართ პატივისცემა ნული იყო. ყველა მისი პოლიტიკური რეიტინგი 1%-ზე დაბალი იყო. მიუხედავად ამისა, მასთან მტრობა არავის უნდოდა და ის ამას იყენებდა. ის ამბობდა, გიყვარდეთ, მომეცით თანამდებობა და მე გავხდები თქვენი მეგობარი. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მან დაარღია ყველა შესაძლებელი კანონი და წესები“, – განაცხადა იური ლუცენკომ.

კომენტარები
იტვირთება...