იტალიური მედიის ცნობით, ინტერმა კონტესთან მოლაპარაკებები დაიწყო

შესაძლოა მილანის ინტერის თავკაცის პოსტზე ლუჩანო სპალეტი ანტონიო კონტემ ჩაანაცვლოს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ინტერის ხელმძღვანელობა სპალეტის მუშაობით უკმაყოფილოა და ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებები დაიწყო.

Football Italia-ს ცნობით, ინტერი სპალეტის ზაფხულში გამოეთხოვება და სწორედ მაშინ სურს მილანური კლუბის მენეჯმენტს სპალეტის პოზიცია კონტეთი ჩაანაცვლოს.

თავის მხრივ კონტე ამ დროისთვის უმუშევარია. გასულ ზაფხულში ის ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ჩელსიში დანიშვნის პირველივე წელს მან პრემიერლიგა მოიგო, თუმცა მომდევნო წელს პრობლემებმა იჩინა თავი. კონტე ამაში კლუბის მფლობელს რომან აბრამოვიჩს ადანაშაულებდა, რომელმაც ტრანსფერებისთვის ფული არ გამოყო. დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, რამაც კონტეს პოსტი შეიწირა. იქამდე კონტე იტალიის ნაკრებში მუშაობდა. კონტეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალიდან გავარდა, გერმანიის ნაკრებმა იტალია პენალტების სერიაში დაამარცხა. მომხდარზე პასუხისმგებლობა კონტემ აიღო და სკუადრააძურას თავკაცის პოსტი დატოვა. იტალიის ნაკრებამდე მისი პირველი სერიოზული კლუბი იუვენტუსი იყო, სადაც სერიოზულ წარმატებასაც მიაღწია. კრიზისში მყოფ იუვენტუსი მან ახალ სიმაღლეებზე აიყვანა და იტალიაში დომინირება დაიწყო. ის ფაქტი, რომ დღეს ტურინული კლუბი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია ამაში თავისი წვლილი კონტესაც აქვს შეტანილი. მან დაიწყო დიდი კლუბის შენება, რაშიც კლუბის სატრანსფერო პოლიტიკამ და მენეჯმენტმაც შეუწყო.

ინტერის გარდა კონტეს სამსახურით დაინტერესებულია მეორე მილანური კლუბი მილანიც. მას ასევე უკავშირებდნენ მანჩესტერ იუნაიტედსაც, თუმცა გუნდში სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ მანჩესტერი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, ამიტომ სოლსკიაერის მანჩესტერიდან წასვლა ნაკლებად სავარაუდოა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად