იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

ლომბარდიაში, იტალიის ჩრდილოეთში, COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 89 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა. ჯამში კი, ქვეყანაში, მისი თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

გუბერნატორის თქმით, კარანტინზე ლომბარდიაში საკმაოდ ბევრი მოქალაქე წავა. ამისათვის, რეგიონის ხელისუფლება სამხედრო ჰოსპიტალს გამოიყენებს, რომელიც მილანში მდებარეობს.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, იტალიის ხელისუფლებამ საგანგებო ზომები მიიღო. მათ შორის არის, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რეგიონებს შორის მიმოსვლის დროებითი აკრძალვა, სადაც ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვა, სკოლებში სწავლის დროებით შეჩერება. კერძოდ, მილანში სკოლები მინიმუმ ერთი კვირით დაიკეტება.

შეზღუდვებმა, ჯამში 11 მუნიციპალიტეტი მოიცვა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ კი ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აღნიშნულ რაიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლას კრძალავს. იმისათვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ პირველადი დახმარების ატრიბუტები, შეიქმნება სტერილური დერეფნები, რომელთა საშუალებითაც აფთიაქები და მაღაზიები შეაგზავნიან წამლებსა და საკვებს.

მათ, ვინც დაარღვევს აღნიშნულ წესებს კი, სამ თვემდე თავისუფლების აღკვეთა, ან ჯარიმა – 206 ევრო დაეკისრება.

23 თებერვალს, იტალიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით მეორე ადამიანი დაიღუპა. პირველი მსხვერპლი 21 თებერვალს დაფიქსირდა. იგი 78 წლის იტალიის მოქალაქე იყო.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 76 936 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 461-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა, 2 442 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 19-ს – ორი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ორი – ირანში, ერთი – ფილიპინებზე, ერთი – იაპონიაში, ერთი – ტაივანში, ერთი – საფრანგეთში, ორი – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, ორი – იტალიაში, ოთხი – სამხრეთ კორეაში, ხუთი – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 23 196 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად