“ისტორიას გამარჯვებულები წერენ”

დღეს, ესპანეთში, ანდალუსიის ავტონომიის გრანადის პროვინციის ქალაქ გრანადაში ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება.

Nuevo Estadio de Los Cármenes სტადიონზე ერთმანეთის პირისპირ ადგილობრივი “გრანადა” და თბილისის “ლოკომოტივი” წარსდგებიან.
 
“გრანადა”, რომლის უმაღლესი მიღწევასც ესპანეთის შარშანდელ ჩემპიონატში დაკავებული მე-7 ადგილია, პირველად იღებს მონაწილეობას ევროტურნირში. იგი გათამაშებაში ესპანური კლუბების მიერ ევროტურნირებზე დაგროვილი მაღალი ქულების გამო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და კლუბისთვის ისტორიულ ევროტურნირის პირველ მატჩში ალბანეთის ქალაქ დურესში “ტეუტა” 4:0 დაამარცხა.
 
ისტორიულია გრანადელებისთვის დღევანდელი დღეც, რადგან ისინი დღეს პირველად გამართავენ ევროტურნირის მატჩს საკუთარ სტადიონზე.
 
ესპანელი მიმოხილველები შეახსენებენ მკითხველს, რომ “გრანადამ” ახალ სეზონში სახლში ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხა – 2:0, ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა სტუმრად ალბანეთში დრეუსის “ტეუტს” და შემდეგ სახლში ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში მეორე ბასკურ გუნდს, “ალავესს” სძლია 2:1 და იმედს გამოთქვამენ, რომ “როხიბლანკო” (მეტსახელი, შერქმეული გუნდის წითელ-თეთრი ფერის მაისურის გამო -“აიპრესი”) გააგრძელებს ისტორიის შექმნას.
 

სეზონის პირველ მატჩებში “გრანადამ” ისტორიაში ახალი ფურცლები ჩაწერა და მას სურს განაგრძოს ამის კეთება. ამისთვის მათ თბილისი “ლოკომოტივი” უნდა დაამარცხონ. “ისტორიას გამარჯვებულები წერენ” – ჯორჯ ორუელის დამსახურებით განსაკუთრებით პოპულარულად ქცეული ამ ფრაზით ესპანელი სპორტული მიმომხილველები “გრანადასთვის” დღევანდელი შეხვედრის ისტორიულ მნიშვნელობაზე მიანიშნებენ.



ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ დღევანდელი მატჩი არანაკლებ მნიშვნელოვანია “ლოკომოტივისთვის”, იმედს ვიტოვებთ, რომ ერთ დროს ესპანეთში ნასრიდების არაბული დინასტიის საყრდენი მთავარი ქალაქის სტადიონზე პლეი-ოფში “მალმეს”(მალმე, შვედეთი) და “ლოკომოტივს” (ზაგრები, ხორვატია) შორის გამარჯვებულთან თამაშის უფლებას თბილისელები მოიპოვებენ და მათზე ვიტყვით: “გამარჯვებულები წერენ ისტორიას”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად