ისტორია მეორდება – საქართველოს თასისთვის ერთმანეთს ისევ “გაგრა” და “ტორპედო” დაუპირისპირდებიან

თასის ფინალის ჩატარების თარიღი, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალში “გაგრა” და ქუთაისის “ტორპედო” ითამაშებენ.

“გაგრამ” 8 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა და ნახევარფინალში “დინამო თბილისი” დაამარცხა. გამარჯვების, ერთადერთი გოლი გაგრელთაგან ვაჟა მათიაშვილმა დამატებით დროში გაიტანა, ვინაიდან ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ასეთივე ანგარიშით მოიგო ქუთაისის “ტორპედომაც”, ოლეკსანდრ აზაცკის მიერ, “გივი ჩოხელზე” მე-10 წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა, “თელავი” კი თასის ფინალს მიღმა დარჩა.

2010/2011 წლების სეზონზე, პირველ ლიგელი “გაგრა” და ამბიციური “ტორპედო” თასის ფინალში ერთმანეთს “დინამო არენზე” დაუპირისპირდნენ. ის შეხვედრა გაგრელთა გამარჯვებით დასრულდა და არსებობის განმავლობაში პირველად, გუნდმა ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება “ტორპედოს”, 56 ქულით, ეროვნულ ლიგაში მესამე პოზიციაზე იმყოფება და ევროსაგზურისთვის იბრძვის, ამიტომ, თუკი ქუთაისელები თასს ვერ მოიგებენ, მათ დარჩენილ ხუთ ტურში ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ, რადგან, “გაგრას” გამარჯვების შემთხვევაში, ეროვნული ლიგის პირველი სამი გუნდი მოიპოვებს სწორედ ევროთასებზე ასპარეზობის უფლებას.

ქუთაისელებისთვის, ეს ფინალი მესამეა. გასულ სეზონში, კახა ჩხეტიანის გუნდმა, ფინალური დაპირისპირება საჩხერის “ჩიხურასთან” დათმო.

თასის ფინალის ჩატარების ადგილი და თარიღი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...