“ისთ ფოინთში” გახსნილ “კარფურის” ახალ ფილიალში 450 ადამიანი დასაქმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" "კარფურის" ახალი ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კომპანიის წარმომადგენლებს წარმატება მიულოცა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის სტანდარტი, რომელსაც "კარფური" აწესებს, რადგან მომხმარებელს ეძლევა საშუალება, ყოველდღიურად უფრო ხარისხიანი პროდუქცია შეიძინოს და უკეთესი მომსახურება მიიღოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ამ ჰიპერმარკეტში პირდაპირ დასაქმდა 450 ადამიანი, ხოლო იმისთვის, რომ ეს ჰიპერმარკეტი იყოს მომარაგებული და დაცული, სულ მცირე, ერთი ამდენი ადამიანი იქნება კიდევ დასაქმებული. ინვესტიციები, რომლებიც განხორციელებულია, 15 მილიონ დოლარს აჭარბებს, საუბარია მხოლოდ მშენებლობასა და გარემონტებაზე და ცხადია, აქ არ იგულისხმება საბრუნავი სახსრები, რომლებიც ჩადებულია თავად ჰიპერმარკეტის შევსებასა და აღჭურვაში", – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"კარფურის" ახალი ჰიპერმარკეტი 10 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის 40,000-ზე მეტი სახეობა იქნება წარმოდგენილი.

"კარფური საქართველოს" გენერალური დირექტორის, ფილიპ პეგილანის განცხადებით, უახლოეს ხანში ასევე დაგეგმილია თბილისში მესამე სუპერმარკეტის გახსნაც, სადაც 120 ადამიანი დასაქმდება. კომპანია ქსელის გაფართოებას საქართველოს რეგიონებშიც გეგმავს.

"ისთ ფოინთში" კარფურის ახალი ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიებას დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანია, საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, Majid Al Futtaim Holding-ის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...