ისრაელში ტოტალური კარანტინი 31 იანვრამდე გახანგრძლივდა

ისრაელის მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი 8 იანვარს დაწესებული სრული კარანტინის ამ თვის ბოლომდე გახანგრძლივებას. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფოს პრემიერ მინისტრის აპარატისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ კომუნიკეში.

”მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარანტინი გააგრძელოს 10 დღით, 2021 წლის 31 იანვრამდე”, – ნათქვამია დოკუმენტში. შეზღუდვები ავტომატურად უნდა გაუქმებულიყო 21 იანვარს, მაგრამ ბოლო დღეებში COVID-19 შემთხვევების ზრდამ მთავრობა აიძულა, გაეგრძელებინა შეზღუდვები.

ისრაელში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 10,478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 562,167 ადამიანს მიაღწია. გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 44 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, გარდაცვლილთა რაოდენობამ 4,049 ადამიანი შეადგინა.

27 დეკემბერს ისრაელმა დააწესა მორიგი კარანტინი, რომელიც 8 იანვრის შემდეგ გამკაცრდა. ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ თავიანთი დასახლებების დატოვება, შინ ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება და 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია ცის ქვეშ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...