ისრაელში კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ისრაელში კორონავირუსის ახალი შტამით – B.1.1.529-ით ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე მალავიდან დაბრუნდა. ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“გარდა ამისა, არსებობს 2 საეჭვო შემთხვევა მოქალაქეებში, ვინც საზღვარგარეთიდან დაბრუნდა. ამჟამად ისინი ტესტის პასუხებს ელოდებიან და იზოლაციაში იმყოფებიან”, – განაცხადეს უწყებაში.

უწყების პრესსამსახურში დასძინეს, რომ სამივე შემთხვევაში ადამიანები ინფიცირებულები არიან და ამჟამად მიმდინარეობს მათი კონტაქტების მოძიება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტის თქმით, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობასთან ახლოს არის და სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

“როდესაც გვექნება სიტუაციის უფრო ნათელი სურათი, ჩვენ შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ნაფტალი ბენეტმა.

ცნობისთვის კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს. ე.წ. “წითელ სიაში” ისრაელმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი შეიყვანა.

ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) დღეს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული – ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კომენტარები
იტვირთება...