ისრაელის სამხედრო ძალებმა “ჰამასის” მეთაურის სახლი დაბომბეს

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ძალებმა კვირას ადრე დილით „ჰამასის“ მეთაურის იაჰია ალ სინვარის სახლი დაბომბეს.

პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა ბევრი.

კონფლიქტის მეშვიდე დღეს “ჰამასის” მიერ თელ-ავივის მიმართულებით გაშვებული რაკეტებისგან თავდაცვის მიზნით თავშესაფრებისკენ გაქცევის დროს 10 ადამიანი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ღაზაში დაღუპულია 149 ადამიანი, რომელთაგანაც 41 ბავშვია. 10 დაღუპულის შესახებ იტყობინება ისრაელი, რომელთა შორის 2 ბავშვია.

ისრაელის არმიის და “ჰამასის” და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 13 მაისს საღამოს, საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ისრაელის სახელმწიფოს სიმშვიდისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ნეთანიაჰუს თქმით, “ჰამასს” და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ. 15 მაისს კი მან განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს სრული ძალით მოქმედებას და ის, ვინც ცეცხლი დაანთო, ცეცხლს მიიღებს. ისრაელსა და ღაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...