ისრაელის პროკურატურა კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორის და ახლობლის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას აანონსებს

სახელმწიფო პროკურორი აანონსებს ბრალდებების სავარაუდო წაყენებას გალ ჰირშისთვის, რომლის კანდიდატურა განიხილებოდა პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, – ამის შესახებ The Times of Israel წერს.

ბრალდებები ცნობილი გახდება მოსმენებამდე. ყოფილ გენერალს და მის 3 პარტნიორს კომპანიაში „დამცავი ფარი“ ედავებიან საქართველოსთან თავდაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას.

სამშაბათს, საგადასახადო და ფინანსური დანაშაულის სახელმწიფო პროკურატურამ შეატყობინა გალ ჰირშს (ისრაელის თავდაცვის გადამდგარი გენერალი და ყოფილი კანდიდატი პოლიციის კომისრის თანამდებობაზე), რომ იგეგმება მისთვის და კიდევ 3 პირისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება მოსმენების დაწყებამდე. ეს ბრალდებები ეხება საგადასახადო დანაშაულებს, რომელთაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა 2007-2009 წლებში.

სახელმწიფო პროკურორის თანახმად, ხსენებული პირები (ჰირში, ოდედ შახნაი, იანივ ადამი და მიხაელ ბენიმინი) იყვნენ პარტნიორები კომპანიაში „დამცავი ფარი“, რომელიც თავდაცვის სფეროში კონსულტაციებით და სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფდა საქართველოს, ასევე შუამდგომლობდა საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 2007-2009 წლებში კომპანია მსგავს მომსახურებას უწევდა სხვა ქვეყნებსაც.

პროკურატურის თანახმად, ხსენებულმა პირებმა შემოსავლების სახით მიღეს 40 მილიონი შეკელი (11,5 მილიონი დოლარი), თუმცა არ განუცხადეს ამის შესახებ საგადასახადო უწყებას.

სახელმწიფო პროკურორი აცხადებს, რომ ოთხმა ბიზნესპარტნიორმა ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და გერნზიში შექმნა კომპანიების და საბანკო ანგარიშების მთელი ქსელი, რომელსაც ისინი იყენებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან თანხების მისაღებად, რის შემდეგაც ისინი იყოფდნენ თანხებს, მაგრამ უმალავდნენ შემოსავლებს ისრაელის საგადასახადო უწყებას.

სახელმწიფო პროკურორის თანახმად, „2007-2009 წელს ოდედ შახნაიმ არ მიუთითა თავის დეკლარაციაში, სულ მცირე, 19,5 შეკელის ოდენობის შემოსავლების შესახებ. თაღლითური სქემის გამოყენებით საგადასახადო ინსპექციის მოტყუების მიზნით, მისი პირადი შემოსავლები გადაირიცხა მის პირად საბანკო ანგარიშებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, ჯერსიში და შვეიცარიაში“.

შახნაის ასევე ბრალად ედება გერნზიში Fortis Bank-ის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, თითქოს მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების წყაროს არ წარმოადგენდა იარაღით ვაჭრობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ჰირშს ბრალად ედება 2008 წელს 2008 წლის დეკლარაციაში 6,1 მილიონი შეკელის (1,7 მილიონი დოლარი) ოდენობის შემოსავლების გაუცხადებლობა პირადი შემოსავლების დეკლარაციაში. 2009 წელს მან 3,3 მილიონი შეკელის (950 000 დოლარი) ოდენობის პირადი შემოსავლები შვეიცარიაში გახსნილი საიდუმლო საბანკო ანგარიშიდან, სავარაუდოდ, გადაურიცხა კომპანიას Gal Hirsch Ltd ისრაელში. შემდეგ ამ კომპანიამ, სავარაუდოდ, გამოწერა ინვოისები უცხოური კომპანიის სახელზე, რომელიც აკონტროლებდა ხსენებულ საბანკო ანგარიშს შვეიცარიაში. ისრაელის სახელმწიფო პროკურორის თანახმად, ეს ინვოისები გაყალბებულია.

მიხაელ ბენიმინის ბრალად ედება საგადასახადო უწყებისთვის 13,6 მილიონი შეკელის (3,9 მილიონი დოლარი) ოდენობის შემოსავლების გაუცხადებლობა, ხოლო იანივ ადამს ბრალად ედება 3,8 მილიონი შეკელის (1,1 მილიონი დოლარი) ოდენობის შემოსავლების დამალვა.

ჰირში არის პარტია „ლიკუდის“ წევრი პოლიტიკოსი და ამ პარტიის აქტივისტების ფავორიტი კანდიდატი პოლიციის უფროსის თანამდებობაზე.

ბენიმინი არის საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავი. ბოლო პერიოდში ბენიმინის საქმიანობა მოიცავდა ალბანეთში ბინარული ოპციების და კრიპტოვალუტის ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელობას.

იანივ ადამი მუშაობს მენეჯერად. იგი არის ცნობილი ისრაელელი მომღერლის, ომერ ადამის მამა.

უფრო კონკრეტულად, გამოძიება უკვე 4 წელია მიმდინარეობს ისრაელის არმიის (IDF) გენერლის, სამხედრო კომპანია Defensive Shield-ის ხელმძღვანელის, გალ ჰირშის წინააღმდეგ და გამოძიების ყველაზე სერიოზულ ბრალდებას სწორედ ქართველი მინისტრის მოქრთამვა წარმოადგენდა.

გამოცემა THE TIMES OF ISRAEL-ის მიერ კონკრეტულ პირზე სტატია ერთი წლის წინაც გამოქვეყნდა.

თავად გალ ჰირში ბრალდებებს იმთავითვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

„პოლიციის განცხადებით ქრთამის საქმეში მათ სამხილები ვერ ნახეს. ეს ბრალდება შეეხებოდა სამხედრო კომპანია Defensive Shield-ის საქმეს, რომლის ყოფილი თანამშრომელიც ამტკიცებდა, რომ ჰირშმა ქრთამი გადაუხადა საქართველოს იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს, რათ ამ კომპანიის ინტერესები გაეტარებინა ქვეყანაში. ამ კომპანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამხედრო ნაწილების წვრთნებში 2006 და 2008 წლებში, როდესაც კეზერაშვილი მინისტრი იყო“, – წერდა გამოცემა.

თუმცა გალ ჰირში კვლავ ბრალდებულად რჩება და ბრალდებების ნაწილი გარკვეულწილად საქართველოსაც უკავშირდება.

„რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს – პოლიცია ამტკიცებს, რომ ჰირშმა და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს რამდენიმე კომპანია უცხო ქვეყნებში, რათა Defensive Shield-ის მოგება, მიღებული საქართველოსთან 2007 და 2009 წლებში დადებული კონტრაქტებისგან, დაემალათ ისრაელის ხელისუფლებისთვის. კომპანიები პანამაშია დარეგისტრირებული, საბანკო ანგარიშები კი – შვეიცარიაში, აცხადებს პოლიცია“, – ვკითხულობთ THE TIMES OF ISRAEL-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ტექსტის თანახმად, 12 აგვისტოს პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ათობით მილიონი შეკელი გადაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ისრაელისა და სხვა ქვეყნების საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც Defensive Shield-ის თანამშრომლებთან არის აფილირებული“. არსებობს ეჭვი, რომ მათ სცადეს უცხოური საფინანსო ინსტიტუტების შეცდომაში შეყვანა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს თავდაცვითი ხელშეკრულებებიდან მომდინარე თანხების მიღებაზე.

„სამხილები აჩვენებს, რომ განხორციელდა ყალბი რეპორტინგი და გაყალბებული დოკუმენტების წარდგენა ამ უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისთვის ფულის წყაროს დასამალად“, – წერდა გამოცემა.

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ – 2019 წლის 13 აგვისტოს ამ წინადადებით გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გავრცელებულ ცნობებს, რომ მის წინააღმდეგ ისრაელში გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების საქმეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად