ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინა „დელტა“ შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მისმა ანალიზმა აჩვენა, რომ Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია დელტა ვარიანტით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ორშაბათს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში, მთავრობამ განაცხადა, რომ ვაქცინა 64%-ით იცავს ინფექციისგან. მაისში, როდესაც ისრაელში “ალფა” ვარიანტი დომინანტი იყო და “დელტა” შტამი ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული, აღმოჩნდა, რომ ვაქცინა 95,3%-ით ეფექტურია ყველა შტამის წინააღმდეგ.

მთავრობამ განაცხადა, რომ ვაქცინა ახლა 93%-ით ეფექტურია სერიოზული ავადმყოფობისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ, 97%-იანი დაცვის შესახებ ინფორმაცია კი სამედიცინო ჟურნალში The Lancet-ში მაისში გამოქვეყნდა.

განცხადებაში მოცემულია ძირითადი ციფრები, მაგრამ არ არის მოცემული საბაზისო მონაცემები, ან მისი ანალიზის სხვა დეტალები. ებრაული უნივერსიტეტის გუნდმა ცალკე განცხადებაში აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ რამდენად მოქმედებს “დელტა” ვარიანტი ვაქცინის ეფექტურობაზე.

დოქტორი აშიშ ჯჰა, ბრაუნის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დეკანი, ასევე ფრთხილი იყო დასკვნებისადმი. “საუკეთესო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ mRNA ვაქცინები უზრუნველყოფს მაღალ დაცვას ინფექციისგან და უმაღლეს დაცვას მძიმე დაავადებისგან. დაველოდოთ მეტ მონაცემს, ახლა კი, თუ ვაქცინირებული ხართ, არ ინერვიულოთ”, – თქვა მან ტვიტერზე.

ისრაელმა Pfizer ვაქცინა მიაწოდა 12 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს და მისმა ადრეულმა და სწრაფმა დანერგვამ მეცნიერებს მისი ეფექტურობის ერთ-ერთი პირველი რეალური სურათი აჩვენა.

მთავრობამ თქვა, რომ ეფექტურობის შემცირება ისრაელში “დელტას” ვარიანტის გავრცელებით არის გამოწვეული. ვირუსის ეს უფრო გადამდები შტამი პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს ამ წლის დასაწყისში და ასევე ცნობილია როგორც B.1.617.2.

კომენტარები
იტვირთება...