ისრაელი აცხადებს, რომ მისმა ავიაციამ იერიში მიიტანა „ჰამასის“ ბაზაზე

ისრაელის არმიის ავიაციამ ღაზის სექტორში დაბომბა რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ბაზა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს. ოფიციალური შეტყობინებით, საპასუხო იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც ღაზიდან ისრაელისკენ გაუშვეს აალებადი სითხით სავსე საჰაერო ბურთები.

ისრაელის არმიის განცხადებით, „ჰამასის“ დაბომბილი ბაზა, რომლის ინფრასტრუქტურა და საშუალებები ტერორისტული საქმიანობისთვის იყო გამოყენებული, სამოქალაქო ობიექტების, მათ შორის სკოლის მახლობლად მდებარეობდა. ისრაელი მის მიერ განხორციელებული ოპერაციის კონკრეტულ შედეგებზე არაფერს იუწყება. ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრელებია „ჰამასს“.

ივნისში, ღაზის სექტორიდან ისრაელისკენ რამდენჯერმე გაუშვეს აალებადი სითხით სავსე საჰაერო ბურთები, რამაც ხანძრები გამოიწვია.

21 მაისიდან ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მოქმედებს საზავო შეთანხმება, რომელმაც 11-დღიანი შეიარაღებული დაპირისპირება დაასრულა.

ისრაელის არმიის და “ჰამასის” შეიარაღებული კონფლიქტი 10 მაისს განახლდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელების რამდენიმე ოჯახის გასახლების შესახებ, მოჰყვა საპროტესტო აქციები და მასობრივი არეულობა. „ჰამასმა“ გამოაცხადა, რომ იერუსალიმს დაიცავს და ღაზის სექტორიდან ისრაელზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო შეტევა მოჰყვა. ათი დღის განმავლობაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები
იტვირთება...