ისნის რაიონში, მთისძირის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია განხორციელდა

ისნის რაიონის გამგეობამ, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

სამუშაოები თანმიმდევრულად, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. პირველ რიგში, 410 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვალა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდა, რაც ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ბოლო ათეული წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.

მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მარტში დაასრულა.

აღნიშნული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთისძირის მეორე შესახვევში პირველად ჩატარდა. 2 440 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო
ტროტუარი და საცხოვრებელი სახლების ეზოებთან მისასვლელი გზები. პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენს რაიონში, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევი ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო, სადაც გზის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ვერ ხერხდებოდა და მოსახლეობა წლების განმავლობაში შეწუხებული იყო. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ მოლაპარაკების შედეგად, მიმდინარე წელს ქუჩის თანმიმდევრული, სრული რეაბილიტაცია ჩავატარეთ. კაპიტალური, ასფალტიანი გზა, დასახლების არსებობის მანძილზე ფაქტობრივად, პირველად მოეწყო“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მთისძირის II შესახვევში საგზაო სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გუმმა“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 152 781 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...