A1 ბანერი

“ის რაც გორში ხდება, შიდა ქართლის გუბერნატორის მონოპოლისტური პოლიტიკის შედეგია”

დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. მოგვიანებით კი ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

„აიპრესი“ გორის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გორის მაჟორიტარ დეპუტატს სოსო ვახტანგაშვილს ესაუბრა. 

„მე წინასწარ გავაკეთე განცხადებები გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე, ვივარაუდე, რომ მოხდებოდა იმპიჩმენტი და ამის შემდგომი ნაბიჯი იქნებოდა გორის მერზე შეტევა და მისი იმპიჩმენტის დაყენების საკითხი,“ – განაცხადა მაჟორიტარმა. 

დეპუტატი „აიპრესთან“ ამბობს, რომ ის, რაც გორის მუნიციპალიტეტში ხდება შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის არასწორი, არაკვალიფიციური პოლიტიკური გამოცდილების ბრალია. 

„ეს იყო არასწორი ნაბიჯები, ადგილობირვი თუ მონოპოლისტური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც გუბერნატორი მიმართავდა. მისი არაკვალიფიციურობა, პოლიტიკური გამოუცდელობა, არაკომუნიკაბელურობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხოლოდ ვიწრო წრის აზრის გათვალისწინება არის ამ შედეგის მიზეზი“. 

სოსო ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ გორში განვითარებულ პრობლემებზე დიდი ხანია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ საუბრობს, თუმცა ამ საკითხს ყურადღება არვინ მიაქცია. 
„ის რაც გორში ხდება, დღეს და გუშინ არ მითქვამს, ამაზე დიდი ხანია გუნდის შიგნით ვსაუბრობ, საჯაროდაც ვქთვი, რასაც ვვარაუდობდი და მოხდა კიდეც. ერთ-ერთი უწესიერესი პროფესიონალი გაათავისუფლეს საკრებულოს თავმჯდომარეობიდან“, – განაცხადა „აიპრესთან“ ვახტანგაშვილმა.

გორის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს და გაანალიზოს რა ხდება. 

„კოალიციაში არაერთხელ დავაყენე ეს საკითხი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არსებითი განხილვა არ მომხდარა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი და თავიდათავი, რომელმაც საბოლოოდ ამ შედეგამდე მიგვიყვანა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ სიტუაციის ანალიზი, მივიღოთ დასკვნები, რომელიც რეალობაში უნდა განვახორციელოთ, ეს არის ყველაზე მთავარი გასაკეთებლი. ჯერ-ჯერობით დეტალურად ვერ განვიხილავ. უბრალოდ, გეტყვით, რომ ის სიტუაცია, რაც გორშია შექმნილი აუცილებლად გამოსასწორებელია,“ – განაცხადა ვახტანგაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...