”ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია”- სოსო პავლიაშვილმა ნინო ქათამაძეს მხარი დაუჭირა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, სოსო პავლიაშვილი მომღერალ ნინო ქათამაძეს მხარს უჭერს, რომელმაც “რუსეთს ოკუპანტი” ღიად უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვში კონცერტს აღარ გამართავს. სოსო პავლიაშვილის განცხადებას Вечерняя Москва ავრცელებს.

„ნინო ქათამაძემ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო. მე ამას არ გავაკეთებ, მაგრამ არ განვიხილავ, და გთხოვთ – არ თქვენც მოიქცეთ ასე, რადგან ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია. შესაძლოა, დროთა განმავლობაში ნინო რუსეთში საკონცერტო ტურნეთ დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში, ემოციები კარგი არ არის.

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საქართველოში რუსებს ცუდად ეპყრობიან, ასე არ არის. დიახ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომელთაც უარყოფითი იმიჯის შექმნა სურთ, მაგრამ ზოგადად რუსეთთან მიმართებით სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებაა. თუ გსურთ იცოდეთ და გრძნობდეთ ამას, უბრალოდ საქართველოში უნდა ჩახვიდეთ. მოსკოვიდან რაიმე დასკვნის გაკეთება საკმარისი არ არის”, – განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

20-21 ივნისს, თბილისში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ნინო ქათამაძემ თავის “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა, რომ რუსეთში კონცერტებს აღარ ჩაატარებს, ვინაიდან ამ ქვეყანას ოკუპანტად მიიჩნევს.

მომღერალი აღნიშნავდა, რომ სამშობლოსთვის არასდროს უღალატია და არ მიუღია მონაწილეობა ისეთ კონცერტებში, რომლებიც სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებოდა, ან პოლიტიკოსების დაბადების დღეების საპატივსაცემოდ.

მის განცხადებას კრემლში გამოეხმაურნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნინო ქათამაძის გადაწყვეტილების შემდეგ, “რუსი არტისტებისთვის საქართველოში ჩასვლა შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს”.

ასევე, რადიოსადგურ “Говорит Москва” -სთვის მიცემულ ინტერვიუში პროდიუსერმა იოსიფ პრიგოჟინმა ნინო ქათამაძის განცხადების გამო შეშფოთება გამოთქვა და მომღერალს მოუწოდა, თავის სიტყვებზე პასუხი აგოს.

“ისინი რა, ყველანი ჭკუიდან გადავიდნენ? ეს რაღაც უგუნურებაა. ის ხომ არავის დაუჩაგრავს ქვეყანაში. ეს რა კარის გაჯახუნებაა? აღმაშფოთებელი სიტუაციაა! როდესაც ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ისინი ამისთვის პასუხს უნდა აგებდნენ. დაე იჯდეს თავის საქართველოში, იქ ატაროს საგასტროლო ტურნე. ნებისმიერი დიდი სახელმწიფო, ატომური სახელმწიფო, ყიველთვის იდომინირებს პატარა სახელმწიფოებზე. მეზობლებთან ადამიანურად უნდა იცხოვრო”,-განაცხადა მან.

საინტერესო იყო რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანის, თინა კანდელაკის პოზიციაც. მან თავის “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა, რომ “ნინო ქათამაძე დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც თავისი ხელოვნების პოლიტიზირებას ახდენს”.

ცნობისთვის, მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში, მოსკოვში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “Усадьба Jazz 2019”-ზე იმღერა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად