ირმა ჭკადუა: ბრალდებულების უფლებები ილახება, მათ ჩვენების შეცვლის უფლება აქვთ, უბრალოდ ნდობა იკარგება

ჩემთვის სრულიად გაუგებარი ამბავი ხდება ამ საქმეში, როდესაც ყველა ბრალდებულის ჩვენება ქვეყნდება, – ამის შესახებ ადვოკატი ირმა ჭკადუა “აიპრესთან” ინტერვიუში აცხადებს, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს.

ირმა ჭკადუა: ჩემთვის სრულიად გაუგებარი ამბავი ხდება ამ საქმეში, როდესაც ყველა ბრალდებულის ჩვენება ქვეყნდება.

_ ეს რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც იურისტისთვის?

_ ვერ ამოვხსენი. იმიტომ, რომ ბრალდებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ჩვენება. ბრალდებულს, რომელსაც უფლება მიანიჭა კანონმდებელმა, რომ შეუძლია ეს, შესაბამისად მას დღეში ხუთჯერ შეუძლია შეცვალოს ჩვენება – დააზუსტოს, შეასწოროს, დაამატოს, გაამრავალფეროვნოს თავისი ჩვენება.

_ თუმცა, როცა იცვლება შინაარსი, ეს რაზე მიანიშნებს?

_ ცალსახად რაღაცების შეცვლა პრობლემა კი არ არის. პრობლემა სხვა რამეშია – როდესაც ჩვენები ხშირად იცვლება, ნდობის საკითხი იკარგება.

მე პრობლემას ვხედავ იქაც, რომ ამ ბრალდებულებების უფლებები ილახება და მათ თავი უნდა იმართლონ, რატომ შეცვალეს ჩვენება. შეიძლება დამატებითი კითხვები გაჩნდეს ხოლმე დაკითხული პირის მიმართ. შეიძლება გამომძიებელმა სხვანაირი ფორმულირებით დასვას კითხვა და შეიძლება სხვა საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გაჩნდეს საფუძველი, რომ თავიდან დაიკითხოს ეს ადამიანი.

_ გამოქვეყნებული ჩვენებები გამოძიებას ხელს ხომ არ უშლის?

_ მე ადვოკატი ვარ და სუბიექტური ვიქნები. ვიტყვი იმას, რომ პირველ რიგში ხელს უშლის თვითონ ბრალდებულების ინტერესების დაცვას. პირველი პრობლემა ეს არის ბრალდებულის ინტერესები, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოძიება შეცდომებს რომ უშვებს ჩვენ ადვოკატებს გვიახარია ხოლმე, რადგან ხშირად ამით ვამართლებთ ხოლმე ადამიანებს. მაგრამ, გაუგონარი ამბავი ხდება, რომ დღეს აღმოაჩინეს ახალი ამერიკა და დღეს დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმეში განხორციელებული რაღაცა დარღვევები. ეს არის სისტემური პრობლემა და არა მხოლოდ ამ საქმეში, არამედ უამრავ საქმეში.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად