საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამსტერდამის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ოჯახთან ერთად იმყოფება, მთავრობას დახმარებას თხოვს

საქართველოს მოქალაქე ირმა სახვაძე მეუღლესთან და 3 წლის ბავშვთან ერთად ამსტერდამის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება და საქართველოს მთავრობას დახმარებას თხოვს.

“ბოლო 5 დღეა მეუღლესთან და 3 წლის ბავშვთან ერთად ამსტერდამის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიმყიფები. როგორც ბევრისთვის ცნობილია, შარშან მოვიგე მწვანე ბარათი, გავიარეთ ყველა შესაბამისი და კანონიერი პროცედურა და დეკემბერში ავიღეთ საიმიგრაციო ვიზები. გადავიხადეთ მწვანე ბარათის საფასური და ველოდებოდით ფრენას. მიმდინარე ეპიდემიის ფონზე, ჩვენი რეისი ცხადია გაუქმდა და უკვე აღარც ვფიქრობდით, რომ ვიზის მოქმედების ვადებში შტატებში ჩასვლას მოვახერხებდით (ვიზის მოქმედების ვადა 2 ივნისამდე გვაქვს).

6 მაისს ავიაციის საგენტოსგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს ავიახაზები ახორციელებდა ფრენას თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოეყვანათ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ჩვენთვის ერთადერთი შანსი ვიზის მოქმედების ვადაში საქართელოდან ამერიკაში ჩავსულიყავით, დავიწყე საკითხის გარკვევა, შემექმნებოდა თუ არა რაიმე სახის პრობლემა საქართველოს საზღვრის დატოვებაზე, ამსტერდამის ტრანზიტად გამოყენებაზე და შესაბამისად, ნიუ იორკში ჩასვლაზე. ასევე, ყველა წერილში ვსვამდი კითხვას, დამჭირდებოდა თუ არა რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია პანდემიის გამო.

მივწერე ამერიკის საელჩოს ოფიციალურ მეილზე, პასუხად მათ რაიმე სახის შეზღუდვა არ უხსენებიათ და გადამამისამართეს ამერიკის საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან. ვინაიდან CBP ის ოფიციალურ საიტზე მეილი არ იძებნება, მეგობარმა, რომელიც იმყოფება შტატებში, დარეკა სასაზღვროში. ოპერატორის თქმით, იმისათვის, რომ თბილისიდნ ამსტერდამის გავლით ამერიკის საზვარზე შევსულიყავი, დამჭირდებოდა მხოლოს მოქმედი პასპორტი, საიმიგრაციო ვიზა და კონვერტები, რომელიც საელჩომ ვიზებთან ერთად გადმომცა. ამის შემდეგ დავუკავშირდი ამსტერდამის საკონსულოს ოფისს იგივე კითხვით – შემექმნებოდა თუ არა ამსტეტდამიდან ნიუ იორკში წასვლაზე რაიმე სახის პრობლემა და დამჭირდებოდა თუ არა, დამატებით, რაიმე სახის დოკუმენტაცია. ამსტერდამის საკონსულომ დამიდასტურა, რომ ჩავითვლებოდი ტრანზიტულ მგზავრად, შესაბამისად საზღვარზე პრობლემა არ შემექმნებოდა. ასევე, დავრეკე საქართველოს წარმომადგენლობაში ამსტერდამში, სადაც ორმა სხვადასხვა ოპერატორმა იგივე დამიდასტურა.

მას შემდეგ, რაც საკითხი გავიარეთ ყველა შესაბამის პირთან და მივიღეთ უპრობლემო მგზავრობის დადასტურება, დავიწყეთ ბილეთების შეძენა.

15 მაისს საქარათველოს ავიახაზების მეშვეობით ოჯახთან ერთად ჩამოვედი ამსტერდამის აეროპორტის სასტრანზიტო ზონაში, სადაც გვიწევდა ერთი ღამის გათენება შემდგომ რეისამდე.

16 მაისს, ამერიკის ავიახაზების სარეგისტრაციო განყოფილებამ, რომელმაც ჩვენი საბუთების შემოწმება დაიწყო, გამომიცხადა, რომ ამერიკის სასაზღვრო დეპარტამენტი უარს გვეუბნება თვითმფრინავში ჩასხდომაზე, ვინაიდან სატრანზიტო მგზავრებს შენგენის ზონიდან შტატებში შესვლა ეკრძალებათ. (თუმცა გოგონა, რომელმაც ჩვენთან ერთად იმგზავრა თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით, ჩვენთამ ერთად გაატარა ღამე სატრანზიტო ზონაში, ბორდზე აუშეს, ვინაიდან მას მწვანე ბარათი უკვე ხელში ჰქონდა).

კომპანიამ ისიც დამიდასტურა, რომ ამერიკის საელჩოს საქარველოს ოფისს შეუძლია გადმომივზავნოს ოფიციალური წერილი (WAIVER) რეისზე დაშვებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ამსტერდამიდან გაფრენას შევძლებდით. შემომთავაზეს მეორე ვარიანტიც, უკან, საქართველოში დაბრუნება, სადაც 2 კვირიან კარანტის გავივლით და შემდგომ თავიდან გაფრინდებით, თუმცა როგორც უკვე ვახსენე, ჩვენს ვიზებს მოქმედების ვადა 2 ივნისამდე აქვს.

ბოლო 5 დღეა ვცდილობ საკითხში გარკვევას სხვადასხვა უწყებასთან, თუმცა არც ამერიკის საელჩოს საქართველოს ოფისი და არც ნიდერლანდების საელჩო პასუხისმგებლობას არ იღებს საკითხზე. ბოლო 5 დღეა ჩემს შვილს აეროპორტის სკამზე სძინავს იმის გამო, რომ შესაბამისმა უწყებებმა აუცილებელი ინფორმაცია დროულად არ მომაწოდეს.

მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს: გამარკვიეთ, ვისი პასუხისმგებობის ქვეშ არის სამი საქართველოს მოქალაქის ბედი, რომლებიც 5 დღეა აეროპორტის სატრანზიტო ზონაში არიან, სადაც არ არის ბავშვისთვის აუცილებელი საკვები, ჰიგიენის საშუალებები და რაც მთავარია ჰაერი. გარეთ გასვლის უფლებას არ გვაძლევენ. ბავშვისთვის საჭირო საკვებიც კი აეროპორტის რიგითმა თანამშრომელმა შემოგვიტანა ტერიტორიის გარეთა პერიმეტრიდან.

დამეხმარეთ და გამიწიეთ შუამდგომლობა ამერიკის საელჩოს საქარველოს ოფისთან, ვინაიდან ისინი არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და აქ ჩამოსვლამდე არ მომაწოდეს.

აუცილებლად დავიწყებ სამართლებრივ დავას ყველა შესაბამის უწყებასთან, თუმცა დღეს ჩემსთვის ჩემი ოჯახის ჯანსაღ გარემოში ყოფნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ არასათანადო კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი, ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ფინანსური და მორალური ზიანი მიადგა.

პრობლემის წარმოქმნის პირველივე დღეს დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში, თუმცა საკითხის მოგვარება მის კომპეტენციას სცდება.

მოვუწოდებ ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, გაეცანით საკითხს და გამარკვიეთ, როგორ მივიქცე რომ ჩემი შვილი უაზრო ბიუროკრატიის გამო, მაშინ როცა ყველა საჭირო და კანონიერი საბუთი ხელში გვიჭირავს, იძულებული არ იყოს ღამე მსგავს პირობებში გაატაროს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაწერს ირმა სახვაძე სოციალურ ქსელში.

ამსტერდამის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქის პრობლემებთან დაკავშირებით “აიპრესი”  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყების ინფორმაციით, “საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. საქართველის საკონსულო ნიდერლანდებში, ისევე როგორც საქართველოს საკონსულო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონტაქტზე და კავშირზე არის საქართველის აღნიშნულ მოქალაქესთან. მას არაერათხელ შესთავაზეს დახმარება, მათ შორის საქართველოში გამომგზავრების თვალსაზრისით, მაგრამ მოქალაქე ამაზე უარს აცხადებს.

როგორც ცნობილია აღნიშნული მოქალაქის სურვილია, მწვანე ბარათის საშუალებით , შევიდეს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და როგორც თავად ამბობს, მას ამის სრული ლეგიტიმური უფლება გააჩნია, მაგრამ შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მხრიდან , მას მიუვიდა წერილობითი გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდ 19 პანდემიის ფარგლებში რეგულაციები და წესები დროებით არის შეცვლილი და შესაბამისად ვერ მოხდებოდა მისი შეშვება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. აღნიშნული კიდევ ერთხელ დასააზუსტა საქართველოს საკონსულომ ვაშინგტონში და შტატების შესაბამისი სამსახურისგან მიიღო ანალოგიური პასუხი. ამის შემდეგ საქართველის საკონსულომ მიმართა მოქალაქეს თხოვნით, რომ დაბრუნებულიყო იგი სამშობლოში , რაზეც მან უარი განაცხადა არაერთი შეთავაზების მიუხედავად. მისი თქმით, იგი გეგმავს დარჩეს 1 ივნისამდე სხიფოლის აეროპორტში და 1 ივნისს კიდევ ერთხელ სცადოს შესვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგანაც მას ვიზა აქვს 2 ივნისამდე. მას არ შეუძლია დატოვოს სხიფოლის აეროპორტი გამონდინარე იქიდან, რომ იგი არის ტრანზიტული მგზავრი.

შესაბამისად, არსებული რეგულაციების თანახმად, მას ნიდერლანდების მთავრობა, არ გამოუშვებს აეროპორტიდან. საკონსულო შესაძლებლობების ფარგლებში განაგრძობს აღნიშნული მოქალაქის ყველანაირი სახით დახმარებას, უწევს მას შესაბამის კონსულტაციას და კვლავ მიმართავს, რომ პირველივე შესაძლებლობების შემთხვევაში, დაბრუნდეს სამშობლოში” – განუცხადეს “აიპრესს” საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად