ირმა ნადირაშვილი: “ევროსაქართველოში” აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა, მაგრამ ღრმა კრიზისი არ იქნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი აღიარებს, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა, თუმცა ამბობს, რომ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა და საქართველოს ევროატლანტიკური გზაა, გუნდში ერთიანი პოზიციაა.

როგორც დეპუტატი „აიპრესთან“ საუბრისას ამბობს, ფიქრობს, რომ პარტიაში კრიზისი ღრმა არ იქნება. ნადირაშვილის თქმით, შეხვდებიან, არგუმენტებზე დაყრდნობით ექნებათ დისკუსია და ეცდებიან, რომ საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ.

„პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ფუნდამენტური საკითხები რაც არის, ამაში პარტიის მთლიანი ხედვა ერთიანია, მათ შორის ყველა ლიდერის. მე ვგულისხმობ იმას, რომ ყველა თანხმდება იმაზე, რომ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს მომავალი ეს არის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ ვართ პროდასავლური ხაზის პარტია და ამაზე ყველა ვთანხმდებით.

მაგრამ, მიმდინარე საკითხებში გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა. ნამდვილად ასეა ეს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში საკითხი „ევროპული საქართველოს“ დამოკიდებულებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, უფრო კონკრეტულად კი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა გავაკრიტიკოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიას გადაწყვეტილებები და განცხადებები თუ არა. ეს გახდა „ევროპულ საქართველოში“ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი.

მე მივიჩნევ, რომ ეს კრიზისი არ იქნება ღრმა და ჩვენ შევეცდებით, რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ, უფრო მეტი არგუმენტები მოვისმინოთ სხვადასხვა პოზიციებიდან და შევეცდებით, რომ პარტია ერთ ხაზზე ჩამოყალიბდეს, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი“, – ამბობს ნადირაშვილი.

კითხვაზე, რამდენად ღრმაა ეს კრიზისი, ამაზე ახლა კონკრეტულად საუბარი არ შეუძლია? იქამდე სანამ შეხვედრა და დისკუსია არ გაიმართება პარტიაში? – დეპუტატი პასუხობს:

„ევროპული საქართველო“ არ არის ერთი ლიდერის პარტია. იცით, რომ ბევრი ლიდერია, არიან ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული აზრი ჰქონდეს. ყველა ერთნაირად ვერ მოიაზრებს. არ უარვყოფთ, რომ ამ წუთში ეს საკითხი დგას, მაგრამ თუ მეკითხებით, რამდენად ღრმა მგონია ჩემი გადასახედიდან ეს კრიზისი, მგონია, რომ პარტიის შიგნით დისკუსია და უფრო მეტი საუბარი ამ საკითხს ამოწურავს და დაალაგებს. ვთვლი, რომ თუ პარტია ამ საკითხთან დაკავშირებით სტრატეგიას შეიმუშავებს და თუ სხვა განსხვავებული საკითხებიც გადაიჭრება, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს განსხვავებები არ გადაიზარდოს სხვა ჭრილში“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი დაწერა ““გავრილოვის ღამის” მოწყობაში დამნაშავეა ხელისუფლება, მელიას მოწოდება უპასუხისმგებლობაა”, რაც სრულად გაიზიარა ” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც და განაცხადა “““მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, “ნაცმოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს”

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა სადაც ის “ევროპული საქართველოს” წევრს, ოთო კახიძეს მიმართავს და კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ ის განცხადებები, რაც მან იმ დღეებში გააკეთა სრულიად აქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. შესაბამისად ნიკა მელია, ოთარ კახიძეს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ ვინაიდან “ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროთ”.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...