ირმა ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდა

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩჰანჯუში ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხმლით მოფარიკვე ქალები ეცილებოდნენ ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

მონაწილეთა შორის იყო მსოფლიო თასის თექვსმეტგზის გამარჯვებული, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2015 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი ირმა ხეცურიანი

საწყის ეტაპზე 23 მონაწილე 4 ჯგუფში გადანაწილდა. A ჯგუფში გერმანელი სილვი ტაუბერი, რუსი ირინა მიშუროვა, იაპონელი ჩისატო აბე, ჩინელი შუმეი ტანი, იტალიელი ბეატრის მარია ვიო

პირველ შეხვედრაში ირმა ხეცურიანმა იტალიელ ბეატრის მარია ვიოსთან განიცადა მარცხი 2:5, მეორე შეხვედრაში რუს ირინა მიშუროვას სძლია – 5:2, მესამე შეხვედრაში ვარშავაში, მსოფლიო თასის ნახევარფინალში მარცხისთვის აიღო რევანში ჩინელ ტან შუმეისთან – 5:4, მეოთხე შეხვედრაში იაპონელ ჩისატო აბეს მოუგო – 5:1, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში კი გერმანელ სილვი ტაუბერთან გაიმარჯვა – 5:4.

ჯგუფური ეტაპიდან გასულმა სპორტსმენებმა ოლიმპიური სისტემით განაგრძეს ასპარეზობა. მერვედფინალში ირმა ხეცურიანის მეტოქე ჩინელი სიაო რონგი იყო. დასაწყიში ჩინელმა მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა და ანგარიში თანაბარი იყო – 6:6, თუმცა ამის შემდეგ ირმამ ზედიზედ 9 ჩხვლეტა მიაყენა მას და გაიმარჯვა 15:6.

მეოთხედფინალში ირმა ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე უნგრელ ბოლგარკა მეზოს შეხვდა და ვერ შეძლო მასთან გამარჯვების მოპოვება, ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა და ხმლით ფარიკაობაში ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.

ხვალ ირმა ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში იბრძოლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად