ირმა ინაშვილის განცხადებით, მათ მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა სამხედრო ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს

“მინდა გაცნობოთ, რომ თბილისის შემდეგ საქართველოს სამ დიდ ქალაქში : ესაა ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა,- სამხედრო მიუმხობლობისა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების თემაზე.” – ირმა ინაშვილმა ბრიფინგი ჩაატარა და თავისი პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების შესახებ განაცხადა.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, 2016 წელს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, 2017 წელს- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2018 წელს- საპრეზიდენტო არჩევნები. ყველა ამ არჩევნებზე ქუთაისში მონაწილეობა მიიღო 70 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა, ჩვენ კი, ქუთაისში გამოვკითხეთ 78 000 მოქალაქე. ბათუმში ყველა ზემოხსენებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 65 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა, ჩვენ კი, ბათუმში გამოვკითხეთ 77 000-ზე მეტი ადამიანი.

და ბოლოს, რუსთავში ყველა ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 45 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა, ჩვენ კი, რუსთავში გამოკითხეთ 56 000 ადამიანი! ახლა გაგაცნობთ ჩვენი გამოკითხვის შედეგებს! ქალაქ ქუთაისში გამოკითხულთა 83 %-ი მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს! 11%-ი თავს იკავებს პასუხისგან და მხოლოდ 5,2%-ი ეწინააღმდეგება სამხედრო მიუმხრობლობას! ბათუმში გამოკითხულთა 69%-ი უჭერს მხარს საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს! 16%-ი თავს იკავებს პასუხისგან და მხოლოდ 15%-ი ეწინააღმდეგება სამხედრო მიუმხრობლობას!

რუსთავში გამოკითხულთა 78%- მხარს უჭერს საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს! 6%-ი თავს იკავებს პასუხისგან და 15 %-ი ეწინააღმდეგება სამხედრო მიუმხრობლობას! ჯამში სამი ქალაქის (ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის) გამოკითხვის შედეგები ასეთია: ჩვენ გამოვკითხეთ 211 000 ადამიანი! აქედაან გამოკითხულთა 76,7 % ანუ 161 800 მოქალაქე მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ავსტრია, შვეიცარია, შვედეთისა და ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს. მერყეობს ან თავს იკავებს პასუხის გაცემისაგან გამოკითხულთა 12,4 % (26 100 ადამიანი), ხოლო წინააღმდეგია 10,9 % (23 200 ადამიანი). ამასთან ერთად, გამოკითხულთა 76% ანუ 160 400 მოქალაქე მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან,- ესაა ერთადერთი სწორი პოლიტიკა. მერყეობს ან თავს იკავებს პასუხის გაცემისაგან გამოკითხულთა 12,1% (25 500 ადამიანი), ხოლო წინააღმდეგია მხოლოდ 11,9 % (25 200 ადამიანი).

აქვე გაცნობებთ, რომ 2020 წლის იანვრის ბოლოდან მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვა დაიწყება თბილისში. გამოკითხული იქნება მილიონზე მეტი ადამიანი. მადლობას ვუხდით ყველა იმ აქტივისტსა და მოქალაქეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ჩვენს გამოკითხვაში! გამოკითხვის შედეგები საქართველოს პარლამენტს წარედგინება!” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად