ირმა ინაშვილის და თარხან-მოურავის პასუხი მეუფე საბას: ჩვენს თავხედობაზე საუბარი, უბრალოდ, ზრდილობის საკითხია!

“ინტერნეტში წავიკითხეთ მეუფე საბას ( ინწკირველი) კომენტარი ჩვენთან მიმართებაში და იძულებულნი ვართ, – ვუპასუხოთ:” – ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი მეუფე საბას პასუხობენ.

1. ჩვენ არასდროს მოგვითხოვია პეტრე ცაავას განკვეთა. ჩვენ მხოლოდ აღვნიშნეთ, რომ მოსახელობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, პეტრე ცაავა არ უნდა იყოს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი. მითუმეტეს, ჩვენ არავითარი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია არც მეუფე გრიგოლისთვის ( ბერბიჭაშვილი) და არც მეუფე საბასთვის ( ინწკირველი). ჩვენ მხოლოდ აღვნიშნეთ, რომ ეკლესია არაა არასამთავრობო ორგანიზაცია- NGO და მღვდელმთავრები პოლიტიკურ ჭრილში განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ახლა გვაქვს განცდა, რომ მეუფე საბას ჩვენი წერილი კარგად არ წაუკითხავს, პასუხი კი, გაგვცა. ეს ეთიკის საკითხია!

~2. ჩვენ აღმსარებლებიც ვართ და მაზიარებლებიც, ანუ დედაეკლესიის მრევლი ვართ, ეკლესია კი, მრევლია! ეკლესიური კანონიც ვიცით და ტრადიციაც და არაფერი დაგვირღვევია, მაგრამ ეს განსწავლულობის საკითხია!

3. მე, ირმა ინაშვილი, მეუფე საბაზე მთელი 11 წლით უფროსი ვარ, ხოლო დავით თარხან-მოურავი – 18 წლით უფროსია და შვილები დაახლოებით მეუფე საბას ასაკის ჰყავს, ამიტომ მეუფე საბას მხრიდან ჩვენს თავხედობაზე საუბარი, უბრალოდ, ზრდილობის საკითხია!

ქრისტემიერი სიყვარულით,

ირმა ინაშვილი
დავით თარხან-მოურავი

თბილისი. 2019 წლის 5 თებერვალი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა პატრიოტთა ალიანსის ლიდერების, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის წერილს წმინდა სინოდისადმი, სადაც მის შესახებაცაა საუბარი, “თავხედურ ქმედებას” უწოდებს. როგორც მან დღეს ქადაგებისას განაცხადა, ის ითხოვს, რომ წმინდა სინოდმა ამას პასუხი გასცეს.

“გულისტკივილი არის, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ეკლესია პოლიტიკური პარტია ჰგონია და გადაწყვეტილებებები გამოაქვთ უკვე, რომ მღვდელმთავრები განსაკვეთები არიან, ეკლესიიდან გასაგდებები და წერილებს წერენ წმინდა სინოდის მიმართ… ვიტყვი კიდეც, ეს არის ქალბატონი ირმა ინაშვილი და ბატონი თარხან-მოურავი, მეც ვახსენებ მათ და იმედი მაქვს, რომ ეკლესიის წმინდა სინოდი პასუხს გასცემს მათ წერილს, რადგანაც ჯერ ერთი, რაც მათ გააკეთს არის საეკლესიო წესის და კანონების დარღვევა, რადგან თუ ჩვენ რამეში დამნაშავე ვართ, მათ როგორც ერის ადამიანებს თუ ისინი მრევლში არიან და მაზაირებლები არიან, ამ შემთხვევაში მათ პირველ რიგში ჩემთვის უნდა მოემართათ, იქ სხვა მღვდელმთავრებიც არის იქ ნახსენები, ჩემზე ვიტყვი, ჩემთვის უნდა მოემართათ და თუ პასუხს არ გავცემდი, მერე ჰქონდათ უფლება მიემართათ პატრიარქისთვის ან წმინდა სინოდისთვის, რადგანაც მათმა თავხედურმა ქმედებამ პირადპირ ამას ვუწოდებ, მე იმედი მაქვს, რომ მომავალ სინოდზე მეც მოვითხოვ, რომ პასუხი გაეცეს და მათ დააკონკრეტონ ის ქმედება რას ვიმსაუხრებთ ჩვენ… მე პირადად ჩემზე მაქვს ამ შემთხვევაში [აქცენტი] მე შემეხნენ, არ ვამბობ იმას, რომ სხვა მღვდელმთავრები არ მადარდებს, მაგრამ მე მაქვს უფლება მოვითხოვო: სინოდმა გასცეს პასუხი მათ თავხედობას, რაც თითქოსდა მათ ეკლესია ადარდებთ, ისე როგორც ბევრ პოლიტიკოსს, რომლებიც მხოლოდ პატრიარქთან მიდიან და ლოცვა-კურთხევას იღებენ და საპატრიაქროსში ყველა გარბის, მაგრამ არავის ახსოვს სხვა მღვდელმთავრები, რომლებიც ეკლესიას წარმოადგენენ ამა თუ იმ ქვეყანაში თუ ეპარქიაში”, – განაცხადა საბა ინწკირველმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...