ირმა ინაშვილი: უხერხულია დიპლომების თემაზე კამათი

„ყველას მინდა ვთხოვო, მომავალ კანდიდატებსაც, მეტი პასუხისმგებლობით და პატივისცემით მოეკიდოს საკუთარი განათლების საკითხს და იმ სტანდარტით წარდგნენ პარლამენტში. უხერხულია კამათი დიპლომების თემაზე”. – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის ზაზა თავაძის მოსმენა მიმდინარეობს.

ინაშვილის შეფასებით, ძალიან უცნაურია, რომ ჯერ მართლმსაჯულების სისტემაში იწყებენ მუშაობას კანდიდატები, პრეტენზია აქვთ მაღალ პოსტებზე, და პარალელურ რეჟიმში სამართლის სფეროში მაგისტრანტებიც არ არიან.

“ამ დროს ჩვენ ვიცნობთ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც არც კომპეტენციით ჩამოუვარდება აქ წარმოდგენილ კანდიდატურებს, არც მორალის და ზნეობის კუთხით, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ, არსებული სისტემიდან გამომდინარე, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ამაში ვგულისხმობთ ჩვენ ზუსტად კლანურ მმართველობას. სისტემა დაკეტილია ახალი სახეებისთვის, სრულიად ახალი ტიპის კანდიდატებისთვის, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. ზაზა თავაძე მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ის 2008-2010 წლებში იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად