ირმა ინაშვილი: თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით, კორუფციის ნაწილში არაერთი შეკითხვაა!

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მისივე თქმით, კომპანია „სითი ინსტიტუტი“, რომელმაც მერიის კონკურსში გაიმარჯვა, მას შემდეგ დაფუძნდა, რაც კონკურსში გაიმარჯვა. ინაშვილის თქმით, ეს კორუფციის ნიშნებთან დაკავშირებით შეკითხვებს აჩენს.

თბილისის გენერალურ გეგმას თუ გაეცანით. იწონებთ თუ იწუნებთ პროექტს, რომელიც საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია?

ბევრი კითხვა არსებობს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. ეს არის თბილისის განვითარების სტრატეგია და დედაქალაქის კონსტიტუცია. მაგრამ, ეს არის დოკუმენტი, რომელიც უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მომზადდა. გერმანელები იყვნენ ჩართული მის მომზადებაში. სამწუხაროდ, მათ არ გაუვლიათ კონსულტაცია ქართველ სპეციალისტებთან – ურბანისტებთან, არქეოლოგებთან, არქიტექტორებთან, გეოლოგებთან. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არაერთ კრიტიკულ შენიშვნას იმსახურებს სწორედ პროფესიონალების მხრიდან.

თავის დროზე XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში როდესაც თბილისის ისტორიული სტილი იქმნებოდა და მას აკეთებდნენ ევროპელი არქიტექტორები, ისინი ხდებოდნენ თბილისის ნაწილი.  ცხოვრობდნენ თბილისში, ეცნობოდნენ ქართულ სუფრას, ტრადიციებს, ზნე-ჩვეულებებს და აქედან გამომდინარე გვთავაზობდნენ ჩვენ სტილს. დღეს ასე არაა.

სპეციალისტების კრიტიკაში რას გულისხმობთ?

დღეს გერმანელმა სპეციალისტებმა გერმანული გეგმა შეგვიქმნეს. ამაში ვგულისხმობ მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას, რომ 2030 წლისთვის ძირითადად ფეხით მოსიარულეების ქალაქი უნდა იყოს და აქცენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთდეს. ეს კარგია, მაგრამ როგორ უნდა გაფართოვდეს თბილისის ქუჩები, არის თუ არა ამის რეზერვი? ეს ქუჩები დღემდე ეტლისთვის და ურმისთვის გათვალისწინებულია. არ წერია განვითარების რა სტრატეგიას ირჩევს გენგეგმა. ის არ არის მორგებული თბილისის ლანდშაფტსა და რეალობას. 1000 გვერდიანი დოკუმენტიდან დაახლოებით 800 გვერდის წაკითხვა მოვასწარი. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ სპეციალიეტბს ვესაუბრე და ისინიც ამბობენ, რომ აუცილებელია ის მოერგოს თბილისს. ამიტომ საკრებულოს მოვუწოდებ, რომ არ იჩქაროს ამ გეგმის მიღება. ყველას ვინც შეიძლება გახდეს მერი, მოუწევს მისი გადამუშავება.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად შეირჩა კონკურსის შედეგად „სითი ინსტიტუტის“ პროექტი?

არაერთი შეკითხვაა კორუფციის ნაწილში. ისე მოხდა ამ კომპანიის გამარჯვება კონკურსში, რომ მერე დაფუძნდა კომპანია. დაახლოებით 2.8 მილიონი იყო პროექტზე გამოყოფილი. დაემატა სხვა ხარჯებიც და 3 მილიონს გასცდა. გვაქვს დოკუმენტი, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, სინამდვილეში კი მომავალ მერს მოუწევს ამ გეგმის შეცვლა.

კონკურსთან დაკავშირებით ეს კითხვები და ეჭვები ჩანს. თუნდაც იმიტომ, რომ კომპანიამ გაიმარჯვა კონკურსში და მერე გატარდა რეგისტრაციაში და კომპანიად მერე დაფუძნდა. რატომ მაინც და მაინც ეს კომპანია?! რატომ მაინც და მაინც გერმანელი სპეციალისტები? მე მათ ჩრდილს კი არ ვაყენებ, მაგრამ როდესაც გყავს მაგალითად გიგა ბათიაშვილი, რატომ არ უნდა ყოფილიყო ის ჩართული გენგეგმის მომზადებაში?! გვაქვს დოკუმენტი, რომელიც 3 მილიონზე მეტი უკვე დაჯდა. მას ვერ გადავაგდებთ, უნდა დამუშავდეს და მოერგოს თბილისს.

წესით კალაძემ და სხვა კანდიდატებმაც უნდა მოუწოდონ საკრებულოს, რომ არ მოხდეს დოკუმენტის მიღება არჩევნებამდე და არც მერე, თუ მისი გადამუშავება არ მოხდება. თუ მერი გავხდები მას აუცილებლად გადავამუშავებ სპეციალისტებთან ერთად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...