ირმა ინაშვილი: რეალურად “ქართული ოცნების” რეიტინგი მერყეობს 12-15%-ის ფარგლებში

“ირაკლი კობახიძე არც გამორჩეული პარლამენტის თავმჯდომარე იყო, არც გამორჩეული პოლიტიკოსია და არც გამორჩეული ექსპერტია არჩევნების დარგში, რომ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გვიზიარებდეს პროგნოზებს”. – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადა ის გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ კონკრეტულ რიცხვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩვნების მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, არ არის მომხრე და გონივრულად არ მიაჩნია ამ ეტაპზე, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ვისაუბროთ საარჩევნო პროგნოზებზე, მაგრამ ეს თემა გახდა აქტუალური ირაკლი კობახიძის „პროგნოზების“ შემდეგ და იძულებული გახდა, თემას გამოეხმაუროს.

“თითქოს 60% ექნება „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის არჩევნებში, ჯამში 20% ექნება თითქოს „ნაციონალურ მოძრაობის“ ორივე ჯგუფს, და დანარჩენი 20% კობახიძის პროგნოზის მიხედვით გადანაწილდება სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. არავითარი 60% არ აქვს და არ ექნება „ქართულ ოცნებას“. წინა დღეს საუბრობდა კობახიძე 45%-50%-ზე. არც 45% არ აქვს. დღევანდელ ვითარებაში „ქართული ოცნება“ უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ ძალიან მძიმე დამოკიდებულებაა საზოგადოებაში მათ მიმართ, კატასტროფულად არის დაცემული მისი რეიტინგი. რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი მერყეობს 12-15%-ის ფარგლებში.

რაც შეეხება სააკაშვილი-ბოკერიას ჯგუფებს, რა თქმა უნდა, ჯამში არც მათ აქვთ 20%. ეს გაზრდილი მაჩვენებელია, ვიდრე NDI-მ გამოაქვეყნა მონაცემები ამ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით. ყოჩაღ კობახიძეს, იმედია კიდევ გაუზრდის ამ 20%-ს სააკაშვილი-ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს. იქმნება ასეთი შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ბოკერიას განცხადებას პოლიტიკური ამნისტიისადმი.

მოგეხსენებათ, ბოკერია, რომელმაც ფერი იცვალა ამ ბოლო პერიოდში და ლაპარაკობს, რომ არავინ არ დაისჯება, და მე ეს აღვიქვი, როგორც ღია გზავნილი ივანიშვილის და „ქართული ოცნებისადმი“, რომ არ მყავს ელექტორატი და მხარდამჭერები, დამიწერეთ ხმები 2020 წელს, ვიყოთ პარტნიორები და არავის არ დავიჭერ. კობახიძის პასუხი კი შემდეგია – კი, აი ჯამში გიწერთ თქვენ 20%-ს, და ჩვენ 60%. ეს „პროგნოზი“ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, საზოგადოებაზე წინასწარ ზემოქმედების მოხდენის მცდელობა”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად