ირმა ინაშვილი: ყველა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები – ეს პოზიცია დავაფიქსირე დღევანდელ შეხვედრაზე

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა და სწორედ ეს პოზიცია გაუზიარეს მისი პარტიის წარმომადგენლებმა ელჩებს.

ამის შესახებ ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენ კიდევ ერთხელ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პარტიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ეს იქნება 45 დღეში თუ ეს იქნება გაზაფხულზე, ყველა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები – მე ეს პოზიცია დავაფიქსირე დღევანდელ შეხვედრაზე”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედი აქვს, მას ხელახალი არჩევნების დანიშვნის არ უნდა ეშინოდეს.

“ქართული ოცნება თუ ამტკიცებს რომ არის ძლიერი, მას აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და არ აქვს შიშები და ფობიები, მაშინ, როგორც ძლიერმა ხელისუფლებამ, სწორედ მან უნდა განახორციელოს ეს ინიციატივა. მე რომ ვიყო ხელისუფლება და ვიყო ასეთ პოლიტიკურ კრიზისში, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ მეშინია, კიდევ ერთხელ დავდო შედეგი, არ მეშინია ხელახალი არჩევნების ჩატარების, მე არ გავაღრმავებ პოლიტიკურ კრიზისს და დავნიშნავ ხელახალ არჩევნებს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად