ირმა ინაშვილი: პროკურატურამ სადემარკაციო კომისიის საქმიანობის გამოძიება დაიწყოს!

ამის შესახებ ირმა ინაშვილმა განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და მიმართა პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სადემარკაციო კომისიის საქმიანობის თაობაზე.

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს არის მცდელობა, რომ დავით გარეჯის თემა ჩაქრეს, თითქოს არაფერი არ ხდება და სადემარკაციო კომისია ეფექტურად მუშაობს.

“ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას! არ მოხდება ის, რაც მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში, როცა პრაქტიკულად გაყიდეს დავით გარეჯი. დიახ, წინა ხელისუფლებამ დავით გარეჯის ნაწილი გაყიდა, როცა პირველი პირები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ დავით გარეჯის ნახევარი არის აზერბაიჯანის კუთვნილება. ჩვენ დიახ, პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებს, აზერბაიჯანს, მაგრამ ჩვენ ასევე ველით პატივისცემას აზერბაიჯანის წარმომადგენლებისგან და პირველ რიგში, იმედი გვაქვს მისი პრეზიდენტის, ძალიან გონიერი ადამიანია ბატონი ალიევი. ჩადენილია დანაშაული და ეს არის გამოსაძიებელი სადემარკაციო კომისიის მუშაობა მთელი წინა წლების განმავლობაში, რა რუკებით ხელმძღვანელობდნენ, რა პერიმეტრებს და როგორ ათანხმებდნენ, რა მოლაპარაკებები მიჰყავდა ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან. რამდენად მომგებიანი თუ საზიანო იყო ეს ქართული სახელმწიფოსთვის”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მანვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სადემარკაციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

“თუ ეს გამოძიება არ დაიწყება , პარალელურად დავაყენებთ საკითხს, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია , რომელიც სადემარკაციო კომისიის საქმიანობას შეისწავლის. ქართული მიწის დაცვას ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ, მე ვხედავ, რომ ჰექტარ-ჰექტარ ხდება ქართული მიწის დათმობა, არა მარტო წინა ხელისუფლების პირობებში, “ქართული ოცნების” პირობებში მოხდა თურქეთისთვის 6 ჰექტარის გადაცემა, ეს დანაშაულია. ქართული მიწის დაცვა ქართველი ხალხის მთავარი ამოცანაა და ის, რასაც ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ, დღეს ასე ჰექტარ-ჰექტარ დათმოთ, არ გამოგივათ” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...