ირმა ინაშვილი მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს “რუმს”-ში მომხდარი ინციდენტის გამოძიება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება იმ ცილისწამებაზე, ტყუილსა და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რომელიც კონფერენციაზე მოხდა და დაიკითხოს ყველა, ვინც იმ დღეს დარბაზში იმყოფებოდა.

“ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას კომენტარი, თითქოს მე დავფხაჭნე თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი ნინო ევგენიძე, ეს არის სამარცხვინო ცილისწამება და ტყუილი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინო ტყუილისა და მასთან დაკავშირებული ცილისწამების გამო, მეთიუ ბრაიზა პასუხს აუცილებლად აგებს.

“კონკრეტულად გამოვეხმაურო მეთიუ ბრაიზას კომენტარს, თითქოს მე დავფხაჭნე კონფერენციის ორგანიზატორი ქალბატონი ევგენიძე და თურმე ამის გამო, მის ქვეყანაში მე ციხეში გამიშვებდნენ. ეს არის სამარცხვინო ცილისწამება და ტყუილი. მე რომ ვინმე დამეფხაჭნა, მაშინვე გაავრცელებდა ვიდეოს, მოგეხსენებათ, დარბაზში უამრავი ჩემი მოწინააღმდეგე და მტერი იყო შეიარაღებული, მათ შორის ჩერგოლეიშვილი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მიღებდა და თავისუფლად გაავრცელებდნენ კადრებს, როგორც მტკიცებულებას, რომ მე დავაზიანე ევგენიძე. ეს რა თქმა უნდა, სამარცხვინო ტყუილია, რადგან თუ მე დავფხაჭნე ნინო ევგენიძე, მაშინ მას ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა და უმალ უნდა გამოეძახებინა პატრული, რომელიც ბელინსკის ქუჩაზე უხვად იყო მობილიზებული და გაეკეთებინა კომენტარი ამ თემაზე. კარგად გახსოვს, რომ ის მშვიდად, ღიმილით აკეთებდა კომენტარს ჩემთან დაკავშირებით და არც ერთი თქვენგანისთვის არ უთქვამს, რომ ის ვინმემ დაფხაჭნა.

ახლა ბრაიზას მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, საქართველოს წინაშე მას არა ერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს დამტკიცდება, დრო მოვა. პირველ რიგში, სააკაშვილის რეჟიმის გათეთრებას, რასაც ემსახურებოდა მრავალი წლის მანძილზე მეთიუ ბრაიზა. ამ სამარცხვინო ტყუილისა და ჩემთან დაკავშირებული ცილისწამების გამო, პასუხს აუცილებლად აგებს. მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ამ ცილისწამებასა და ტყუილთან დაკავშირებით, დაიკითხოს ყველა დამსწრე, ვინც იმ წუთებში დარბაზში იყო, დაიკითხოს დევიდ კრამერიც, ნინო ევგენიძეც და ყველა დანარჩენი და ყველამ აგოს პასუხის ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რადგან ამ დარბაზში ხელით მე, საქართველოს პარლამენტის წევრს შემეხო ბატონი კრამერი და სხვათა შორის, ევგენიძეც. მე ხელით არავის შევხებივარ, კარგად გახსოვთ, ღიმილით ვუყურებდი იქ მომხდარ ძალიან არასასიამოვნო ინციდენტს”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისათვის: 10 სექტემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...