ირმა ინაშვილი: მაჟორიტარები გვეყოლება ყველგან, იმ ოლქების გარდა, სადაც დათო ჭიჭინაძე და კახი კახიშვილი მონაწილეობენ

პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ მაჟორიტარების წარდგენას ბათუმიდან დაიწყებს, პარტიულ სიას კი, თბილისში 8 სექტემბერს წარმოადგენს.

როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსი“ მაჟორიტარებს ორი ოლქის გარდა, ყველა ოლქში დაასახელებს და არ ეყოლებათ კანდიდატები იმ ოლქებში, სადაც კახი კახიშვილი და დავით ჭიჭინაძე მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ ახლა გადავდივართ აქტიურ ნაწილზე, როდესაც ვგეგმავთ ჩვენი კანდიდატების წარდგენას. 18 აგვისტოს გვექნება კანდიდატების წარდგენა ბათუმში. მიხარია, რომ საარჩევნო კამპანიას ვხსნით ბათუმიდან. ამის შემდეგ, მაჟორიტარებს წარვადგენთ უკვე ქუთაისიდან, ეს მოხდება 23 აგვისტოს. 8 სექტემბერს კი თბილისში გვექნება მასშტაბური პრეზენტაცია“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სხვა პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ, ირმა ინაშვილმა, განმარტა რომ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით. არავისთან ვაწარმოებთ შეთანხმებას. კანდიდატებს დავაყენებთ ყველგან, ყველა ოლქში და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ერთადერთი, რასაც ანგარიშს გავუწევთ არის ოლქები, სადაც დათო ჭიჭინაძე და კახი კახიშვილი მონაწილეობენ, რადგან კახა კახიშვილი არის ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი. დავით ჭიჭინაძე კი, ასევე ჩვენი ფრაქციის წევრი იყო და წარმატებებს ვუსურვებ მათ. დანარჩენ შვიდ ოლქში გვეყოლება ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად