ირინა ფუტკარაძე: ბოდიში – ჯულიეტა ვაშაყმაძე ერთ თაიგულს კი ნამდვილად იმსახურებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან მაინც

“არ არის საჭირო რაღაცის შელამაზება, ერთ თაიგულს კი ნამდვილად იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან მაინც…ბოდიში…..”- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მე ეს ვერ გავაკეთე მიზეზებს აზრი არ აქვს …არის რაღაც რასაც მთელი ცხოვრება ნანობ … მეტ ყურადღებას იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა, თუნდაც ჩემგან როგორც საბჭოს თავმჯდომარისგან და ჟურნალისტისგან…. მეტი კორპორატიული პასუხისმგებლობაც გვმართებს….” – წერს ირინა ფუტკარაძე.

ცნობისთვის, მთავარი არხის გადაცემა “პოსტფაქტუმის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის “გაბულოგი #5”-ში თქვა, რომ დედამისის, ჯულიეტა ვაშაყმაძის პანაშვიდზე და არც გასვენებაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთი თაიგულიც კი არ მიუტანია.

შეგახსენებთ, 2020 წლის 27 დეკემბერს 87 წლის ასაკში ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა.

1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით, აგრეთვე თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს.

1961-1962 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, სადაც რამდენიმე როლი განასახიერა. გადაღებულია კინოფილმებში: „ყვავილი თოვლზე“, „თოჯინები იცინიან“, „პაპა გიგია“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და ტელეფილმში „მზე ჭიქაში“.

1958 წლიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიის დიქტორი გახდა, შემდგომში კომენტატორი, პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო-პოლიტიკური, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილ გადაცემათა წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი („რედაქციაში წერილი მოვიდა“, „ცარიელ დარბაზში“, „სპექტაკლის შემდეგ“, „სტუდია-5“, „ჩვენი მისამართია“ და სხვ.). მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, სიგელი და მედალი.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა. ტელეჟურნალისტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად