ირინა ფუტკარაძე: ანაზღაურება 2 000 ლარით არ მეზრდება, აიტვირთოს გადაწყვეტილება საიტზე და მერე ვისაუბროთ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე ადასტურებს, რომ ანაზღაურება ეზრდებათ 2021 წლიდან, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ თანხაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ დოკუმენტი ხვალ გამოქვეყნდება და დეტალებზე მერე ისაუბრებს. ამბობს, რომ მისი ანაზღაურება გაცილებით მცირე რაოდენობით იზრდება, ვიდრე ეს 2 000 ლარია.

“პირდაპირ გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ნამდვილად არ მეზრდება ანაზღაურება 2000 ლარით. გთხოვდით, რომ ოფიციალურ გადაწყვეტილებას დაელოდოთ. ჯერ ამ გადაწყვეტილებაზე ხელი მოწერილი არ არის.

გიდასტურებთ, რომ 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისობაში მოვიყვანეთ ჰონორარების ნაწილი, მაგრამ კონკრეტულად ჩემი ანაზღაურება 2000 ლარით არ გაზრდილა, ბევრად ნაკლებია. ხვალ საღამომდე ეს გადაწყვეტილება ატვირთული იქნება ვებ-გვერდზე, სადაც ლამაზად კი არ შევფუთეთ და პროცენტული მაჩვენებლებით კი არ ვისაუბრეთ, არამედ პირდაპირ გავწერეთ. მოდით, ჯერ ყველა წევრმა მოაწეროს, აიტვირთოს საიტზე და მერე მე თვითონ დაგირეკავთ და თქვენ ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხებ”, – ამბობს ფუტკარაძე.

კითხვაზე, დღეს რატომ ერიდება ამაზე საუბარს, პასუხობს, რომ არ ერიდება.

“ჯერ ოფიციალურად გამოქვეყნდეს. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თავმჯდომარის ხელფასი 2000 ლარით იზრდება, მაგრამ თქვენ თვითონვე მიხვდებით, რომ თქვენთან არასწორი ინფორმაციია მოსული. ჰონორარის ნაწილი მოვიყვანეთ შესაბამისობაში”, – გვითხრა ფუტკარაძემ.

რაც შეეხება კითხვას – რა განსაკუთრებული საჭიროება იყო იმისათვის, რომ პანდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე ანაზღაურება გაზრდილიყო და რა განსაკუთრებული სამუშაო გასწიეთ? – ირინა ფუტკარაძე ასე პასუხობს:

“კანონი გვეუბნება, რომ სამეურვეომ თავისი ფუნქცია, რომ შეასრულოს ამისთვის გამოყოფილია 1.5%. აქედან არაუმეტეს 1%-სა საჰონორარო ნაწილია. მანიპულირება ნამდვილად შეიძლება. ბიუჯეტში გაწერილია ჰონორარები 1%-ის ნაწილში. ეს თანხა გაიყო 12 თვეზე 9 მეურვეზე”, – უთხრა ირინია ფუტკარაძემ “აიპრესს”.

შეგახსენებთ, 2021 წელიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეების ანაზღაურება ისევ იზრდება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...