ირინა მილორავა: მზად ვარ გაიმართოს საპარლამენტო მოსმენა, თუ რატომ გადავადდა 6 თვით ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება

პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედებულიყო, უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელზე საუბარიც ბოლო 1 წელია აქტიურად მიმდინარეობს, სავარაუდოდ 6 თვით გადავადდება.

რეფორმის განხორციელება, რომ დათქმულ ვადებში ვერ ესწრებოდა, ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ გაავრცელა და ამ საკითხზე საპარლამენტო მოსმენაც მოითხოვა. აფბას განცხადებას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის კომენტარი მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს და სრულფასოვნად 6 თვის შემდეგ ამოქმედდება.

რეფორმის ექვს თვიან გადავადებაზე საუბრობს  საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავაც. როგორც მან გადაცემა „საქმიანი დილა“-ს ეთერში განაცხადა,  საუბარია საათობრივი ვაჭრობის გადავადებაზე და შესაბამისად ბირჟა სრულფასოვნად ფუნქციონირებას 6 თვის შემდეგ შეძლებს.

„1 ივლისისთვის ცალკე აღებული ბირჟა მზად იქნება. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ გადავადებაზე, საუბარია საათობრივი ვაჭრობის გადავადებაზე.  გუშინ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებითაც დადასტურდა, რომ დამატებით 6 თვე დაგჭირდება, რათა ბირჟა სრულფასოვნად ამუშავდეს.

რატომ არ განვაცხადეთ უფრო ადრე იმის შესახებ, რომ დათქმულ ვადებში ვერ ესწრებოდა ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება. პირადად ჩემი აზრი იყო, რომ რაც შეიძლება გვიან უნდა გვეთქვა ამის შესახებ. ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ რაც უფრო გვიან გავაჟღერებდით ამ ინფორმაციას, მით უფრო ნაკლებად დავაზარალებდით პროცესს. მიმაჩნია, რომ  მაქსიმალურად ბოლომდე უნდა მიგვეყვანა გადადების თემა, ვინაიდან როგორც კი ვიტყოდით, რომ რეფორმა გადაიდო ყველა მოეშვებოდა – როგორც მომხმარებლები, ასევე ბაზრის მონაწილე კომპანიები.

რეალურად, რეფორმის დროულად განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი პანდემიამ. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო ბირჟის გადადებაზე საუბარი, როდესაც პანდემია პიკში იყო და გამოცხადდა ლოქდაუნი. მაშინ რომ გამოსულიყო სამინისტროს წარმომადგენელი და ეთქვა, რომ რეფორმა გადაიდება, დარწმუნებული ვარ არავის ექნებოდა შეკითხვა. ვინაიდან, ცალსახაა, რომ პანდემიამ, ლოქდაუნმა და დამატებითმა დასვენების დღეებმა, გარკვეულწილად გაართულეს ბაზრის მონაწილეებთან ურთიერთობა. ფაქტობრივად ყველაფრის გაკეთება გვიწევდა ონლაინ, რაც პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებდა.

და სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არაფერი გვითქვამს რეფორმის გადავადების შესახებ, მივედით იქამდე, რომ კომპანიები უკვე საკმაოდ მომზადებულნი არიან ყველაფრისთვის. ვფიქრობ, რომ პანდემია მეტად აღარ შეგვიშლის ხელს. ახლა, რადგან ეს პროცესი ამოიქოქა,  ვფიქრობ, რომ  6 თვეში სრულ მზადყოფნაში ვიქნებით.

ჩემი აზრით, დღეს კერძო სექტორი მზად არის მინიმუმ ბირჟაზე ვაჭრობისთვის. ჩვენ აპრილში მოვახდინეთ სერტიფიცირება სავაჭრო წარმომადგენლების, ამას წინ უძღოდა თეორიული სწავლება, შესაბამისი მასალის მიცემა და ასე შემდეგ.  50-დან 25 მონაწილე უკვე სერტიფიცირებული სავაჭრო წარმომადგენელია და სხვათა შორის, ესენი არ არიან მხოლოდ მოქმედი კომპანიები, ესენი არიან გარედან მოსული ადამიანებიც, რომლებიც საკუთარ თავს ხედავენ პროცესში. შემდეგი სერტიფიცირება მოხდება ამ თვის ბოლოს და უკვე 60 განაცხადი გვაქვს მიღებული“, – განაცხადა ირინა მილორავამ

კითხვაზე,  რამდენად მზად არის იგი იმისთვის, რომ ამ საკითხზე საპარლამენტო მოსმენა გაიმართოს, მილორავამ განაცხადა, რომ მხოლოდ მიესალმება ამ მოსაზრებას და მზად არის ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში.

„მე პირადად ვემხრობი ამ მოსაზრებას, რომ გაიმართოს საპარლამენტო მოსმენა და ჩვენ ვეცდებით გამოვიყენოთ ყველანაირი ფორმატი, სადაც შეიძლება ამ რეფორმაზე ვისაუბროთ. ვთქვათ სად ვართ და რა პრობლემებია მოსაგვარებელი, რის გამოც საჭირო გახდა ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების გადავადება 6 თვით“, – განაცხადა ირინა მილორავამ  „საქმიანი დილის“ ეთერში.

კომენტარები
იტვირთება...