ირანის სამოქალაქო ავიაცია აღიარებს, რომ უკრაინული ბოინგი თეირანის მიერ გაშვებულმა ორმა რაკეტამ ჩამოაგდო

უკრაინული ბოინგი, რომელიც 8 იანვარს, თეირანის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ორმა რაკეტამ ჩამოაგდო. შესაბამის დასკვნამდე ირანის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო მივიდა. უწყება ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე მუშაობს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ორივე იყო რაკეტა, რომლებიც თვითმფრინავის მიმართულებით, მისი აფრენიდან რამდენიმე წუთშივე გაუშვეს. ექსპერტების მოსაზრებით, რაკეტები მიზანს მოხვდა და თვითმფრინავი ნაწილებად ჰაერშივე დაშალა.

ირანში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში, შესაბამისი აღჭურვილობის არ არსებობის გამო, ვერ ხერხდება „შავ ყუთებში“ არსებული ინფორმაციის გაშიფვრა, ხოლო საფრანგეთმა და აშშ-მა უარი თქვეს თეირანისთვის საჭირო აპარატურის გადაცემაზე. ამასთან, აქამდე თეირანი უარს აცხადებდა „შავი ყუთების“ უკრაინისთვის გადაცემაზე.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ Boeing 737-ი, რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა, 8 იანვარს ჩამოვარდა. თავდაპირველად ირანი აცხადებდა, რომ ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ტექნიკური შეცდომა იყო, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ თვითმფრინავი, ირანის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჰაერო ძალების სისტემის ოპერატორმა, ლაინერი ფრთიან რაკეტად ჩათვალა.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მომხდარს უპატიებელი შეცდომა უწოდა და ყველა დამნაშავის დასჯის პირობა დადო. კატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი – 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.

უკრაინული ბოინგის ჩამოგდება, ერაყში, აშშ-ის მიერ, ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის ლიკვიდაციას მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად