ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება ტოტალურ ომს გამოიწვევს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი დაიმუქრა, რომ საუდის არაბეთში ნავთობის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ქვეყანაზე ნებისმიერი შეტევა “ტოტალურ ომს” გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

დიპლომატის თქმით, ირანზე შეტევამ შესაძლოა სპარსეთის ყურის რეგიონში ვითარების ესკალაცია და მსხვერპლი გამოიწვიოს.

როგორც სააგენტო AP წერს, ზარიფი სავარაუდოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა, რომ საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა, რაშიც ვაშინგტონი თეირანს ადანაშაულებს,  “ომის მოქმედებაა”.

”ძალიან სერიოზულ განცხადებას ვაკეთებ, რომ სამხედრო დაპირისპირება არ გვინდა. მაგრამ ჩვენი ტერიტორიის დასაცავად ვერ დავბრმავდებით”,- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს, 18 სექტემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ირანული იარაღი წარმოადგინა, რომელიც სავარაუდოდ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანა Saudi Aramco-ს ობიექტებზე თავდასხმის დროს გამოიყენეს.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით- დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

CBS News-ის წყაროების თანახმად, თავდასხმა ირანის სამხრეთ ნაწილიდან განხორციელდა. CNN– ის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დრონები ირანის ბაზის მახლობლად გაუშვეს, რომელიც ერაყთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად