ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ს მიერ საუდის არაბეთში ჯარისკაცების გაგზავნა უსარგებლო ნაბიჯია

საუდის არაბეთში აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თაობაზე შეერთებული შტატების გადაწყვეტილება “სიმბოლური და უსარგებლო ნაბიჯია”. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

“ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება გარედან არ არის უზრუნველყოფილი, რეგიონის ქვეყნებმა თავიანთი უსაფრთხოება თანამშრომლობისა და რეგიონული ინტეგრაციის გზით უნდა უზრუნველყონ”, – აცხადებს ზარიფი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეერთებული შტატები რეგიონში ტერორისტებისთვის, მათ შორის სირიისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა.

ადრე ცნობილი გახდა, რომ სპარსეთის ყურეში ვითარების ესკალაციის ფონზე, შეერთებული შტატები საუდის არაბეთში ჯარის გაგზავნას გეგმავს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო SPA წერს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა გარეტ მარკისმა განაცხადა: “აშშ ირანის მტრულ ქმედებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და ინტერესების დაცვისთვის, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს”.

შეერთებულ შტატებში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ნაბიჯის მიზანია, დაიცვას ვაშინგტონის ინტერესები და რეგიონში არსებული სამხედრო ძალები.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთში ჯარისკაცების გაგზავნა უკვე დაიწყო, ისინი 500-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავენ.

ცნობისთვის, 19 ივლისს, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ორი ბრიტანული ტანკერი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...