ირანი Saudi Aramco-ზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს

ირანი გეგმავს, საპასუხო ზომები მიიღოს აშშ-ს მიმართ, თუ ვაშინგტონი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს გადადგამს. ამის შესახებ საპროტესტო ნოტაშია აღნიშნული, რომელიც თეირანმა ვაშინგტონში გაუგზავნა. ინფორმაციას სააგენტო ISNA ავრცელებს.

დოკუმენტი აშშ-ს თეირანში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადაეცა. საპროტესტო ნოტაში ნათქვამია, რომ ირანს არაფერი აქვს საერთო დრონებთან, რომლითაც საუდის არაბეთში სახელმწიფო ნავთობკომპანიის ინფრასტრუქტურას თავს დაესხნენ.

მათი განმარტებით, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება გამოიწვევს საპასუხო ზომებს და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან მიმართებაში.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს, 18 სექტემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ირანული იარაღი წარმოადგინა, რომელიც სავარაუდოდ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანა Saudi Aramco-ს ობიექტებზე თავდასხმის დროს გამოიყენეს.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით- დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

CBS News-ის წყაროების თანახმად, თავდასხმა ირანის სამხრეთ ნაწილიდან განხორციელდა. CNN– ის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დრონები ირანის ბაზის მახლობლად გაუშვეს, რომელიც ერაყთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...