ირანი რუსეთთან და ჩინეთთან ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავს

ირანი რუსეთთან და ჩინეთთან ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განყოფილების უფროსმა, კადირ ნიზამმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Fars ავრცელებს.

მისი თქმით, წვრთნები საერთაშორისო წყლებში: ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილსა და ომანის ყურეში ჩატარდება.

როგორც ნიზამი აცხადებს,  ეს ირანის, რუსეთისა და ჩინეთის პირველი სამმხრივი წვრთნები იქნება. მას არ დაუკონკრეტებია, როდის ჩატარდება მანევრები.

სააგენტო Bloomberg- ის ცნობით, ნიზამის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ჯარების გაგზავნის შესახებ განაცხადა. 

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით- დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად