ირაკლი ზარქუა: ოპოზიციას აქვს კომპლექსი – კარგ ინიციატივას მხარს თუ დაუჭერს, ამომრჩეველი ვერ გაუგებს და მათი ხმები დაიკარგება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა.

„ეს პროცესი მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იყო. წარმოდგენილ კანდიდატებს არ ვიცნობ. როცა პარლამენტს წარედგინება, განხილვაში ჩავერთვებით. კანდიდატები პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ შეარჩია. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ერთი რაიმე ინიციატივა მითხარით, რომელსაც მხარი დაუჭირეს. ასეთი არ არის, რადგან მათ აქვთ კომპლექსი და იმის საშიშროება, რომ ვაითუ, ამომრჩეველმა ვერ გაუგოს და კარგ ინიციატივას მხარს თუ დაუჭერენ, მათი ხმები დაიკარგება. ეს მათი პრობლემაა, ეს მათი არჩევანია. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა. კანდიდატის შერჩევა თუ ხმათა ორი მესამედით ვერ მოხდება, არის მექანიზმი, რომელიც ჩაირთვება და უმრავლესობა აირჩევს ცესკო-ს თავმჯდომარეს.

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თამარ ჟვანიას მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ, ხომ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი მართალი ყოფილა და პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმულაში იყო? ამისთვის ბოდიშიც კი არ მოუხდიათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები
იტვირთება...