ზარქუა მამულაშვილზე: არანაირად გამართლებული არ იყო მაგიდაზე ფეხშიშველი სიარული – ახლა ჩივილს ვერ დავუწყებ, თუმცა, ეს მათი არჩევანია

„ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო, მთავარ საპარლამენტო მაგიდაზე, ტრიბუნაზე ფეხშიშველა სირბილი. ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა ამომრჩევლის, მათ შორის მათი ამომრჩევლის. პირიქით, ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე. თუ ეს საწყენია, არ ვიცი. მიუღებელია, ლამაზი არ არის. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი პროტესტი, ხედვა, აზრი თუ ამოცანა, მაგრამ არ არის აუცილებელი, ტრიბუნებზე სალტოები ვაკეთოთ. არ არის აუცილებელი, რომ ფეხშიშველამ მაგიდებზე ვირბინოთ. მიუღებელია და ამას ასე გავაგრძელებ, ვის როგორ ეწყინება, მნიშვნელობა არ აქვს“.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ნონა მამაგულაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი ზარქუას შეფასებით, ეთიკის კოდექსი იმ ადამიანებმა დაარღვიეს, „რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა, ტრიბუნაზე სალტოები ეკეთებინათ“.

„ჩემი კოლეგაა და ახლა ბრალდებებით ვერ გამოვალ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს მათი მხრიდან ლამაზი საქციელი არ იყო. სანახაობრივად, არც არანაირად გამართლებული არ იყო მაგიდაზე ფეხშიშველი სიარული. ახლა ჩივილს ვერ დავუწყებ, თუმცა ეს მათი არჩევანია. თუ სადმე დავაშავე, დაადგენენ, თუმცა არ მქონია მიზნად და არც ამოცანად, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. პირიქით, მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, ტრიბუნაზე მოგლიჯონ ხოლმე მიკროფონი და მაგიდაზე ფეხშიშველი ირბინონ, სწორედ ისინი არღვევენ, მათ შორის მათი ამომრჩევლის უფლებებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, 18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა მინისტრის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნისას პროტესტის გამოხატვა მაგიდაზე ასვლით სცადა. ოპოზიციონერი დეპუტატი მაგიდიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჩამოიყვანა.

კომენტარები
იტვირთება...