ირაკლი სესიაშვილი დავით ბაქრაძეზე: გუშინ, ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი, მათი კომპრომისის ადგილი მომავალში არ არის

“ჰკითხეთ დავით ბაქრაძეს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონების ჩამორთმევას, მედიის ფეხქვეშ გათელვას”.

ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას ეხება.

საუბარია დავით ბაქრაძის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

„გუშინ ბატონმა ბაქრაძემ ღალატს, ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი. ბატონი ბაქრაძე გვიმტკიცებდა, რომ თურმე საერთაშორისო სამართლით დადგენილი ფაქტისთვის, ოკუპაციისთვის, ოკუპაციის აღიარებისთვის საჭირო გახდა იმის ჩაწერა ამ რევოლუციაში, რომ ჩვენმა სამხედროებმა ცხინვალი დაბომბეს. ეს არის მათი კომპრომისი.

ჰკითხეთ ბაქრაძეს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონებების ჩამორთმევას, მედიის ფეხქვეშ გათელვას. ალბათ, აქაც აქვთ პასუხი, რომ ესეც გარკვეული კომპრომისი იყო. მათი კომპრომისის ადგილი მომავალში არ არის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, “ღამის კურიერში” სტუმრობისას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა: “პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ეს საქართველოს ღალატი ნამდვილად არ არის და მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლობა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად