ირაკლი ​სესიაშვილი ვაზაგაშვილზე: სამწუხაროდ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მის გარეშე ვისმენთ

“სამწუხაროდ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მის გარეშე ვისმენთ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. კორტების საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

“ვაზაგაშვილის ისტორია ძალიან ტრაგიკულია. მას პირადად ვიცნობდი და თვალწინ მიდგას იმ ადამიანის ტკივილი. ცხადია, მისი ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის სიმბოლური იყო. ჩემთვის ძალიან მძიმე შესაფასებელია. რა თქმა უნდა, აქ არანაირი ფული მსაზღვრელი არ არის, მთავარი არის გადაწყვეტილება, რომ ვაზაგაშვილი მოკლეს და მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მის გარეშე ვისმენთ”,-განაცხადა სესიაშვილმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის. 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. მაშინდელმა გამოძიებამ განაცხადა, რომ „სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები“ დაიღუპნენ, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

კორტების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ვაზაგაშვილის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა სარჩელი წარმოებაში 2007 წლის ბოლოს მიიღო.

2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ იმავე წელს ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლევან ბეროძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, გრიგოლ კვინიკაძეს კი ოთხი წლითა და ექვსი თვით. 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა. 2015 წლის დასაწყისში ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს. საქმეზე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...