ირაკლი სესიაშვილი: ძალადობა არ შედის სახელმწიფოს და ხელისუფლების ინტერესში

“სამწუხაროდ, გუშინ, ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს და ამ პროვოკაციას წამოეგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ არაერთხელ მოვუწოდეთ და ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მაგრამ აქვს ყველაფერს საზღვარი. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. ცხადია, გამოძიება მიმდინარეობს და ყველას პასუხი მოეთხოვება. განსაკუთრებით ვსაუბრობ ინციდენტზე, რომელიც მართლაც შემზარავი იყო იმ ნაწილში, რომ ადამიანი უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს. ყველა ფაქტი არის შემზარავი და მიუღებელი.

ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მარნეულში, გუშინ მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა არა მმართველი გუნდის, არამედ ოპოზიციის ინტერესებში შედის.

“ძალადობა არ შედის სახელმწიფოს და ხელისუფლების ინტერესში. ჩვენი ინტერესია მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად, მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება, ხოლო ჩვენს ოპონენტებს, ფაქტიც მეტყველებს და მათი მოწოდებებიც, რომ არ აწყობთ ასეთი გარემო. მშვიდობიან გარემოში მათ არ აქვთ შანსი, რომ რაიმე პოლიტიკურ შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ ცდილობენ ხალხი დაძაბონ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს, მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავს დაესხნენ “მთავარი არხის” ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალი ცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფზეც, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამასთან,  მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.

მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად