ირაკლი ქარსელაძე: ხობის პარკის სრულ რეაბილიტაციას 4.2 მილიონი ლარი მოხმარდება

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წელს დაწყებული განახლებული რეგიონების პროგრამის გეგმის შესაბამისად, ხობში, ისევე როგორც დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. აქ არის ერთი გამორჩეულობა – პროგრამის მასშტაბურობის გარდა, ხობის მუნიციპალიტეტი მაღალბიუჯეტიან პროექტებს უშუალოდ, დამოუკიდებლად ახორციელებს. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი იმ მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილებისა, რამაც საშუალება მისცა ხობის მუნიციპალიტეტს დღეს ყოფილიყო ამ ადგილას. 4.2 მილიონი ლარი მოხმარდება პარკის რეაბილიტაციას, მის სრულ განახლებას, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ახალი ფუნქციური სივრცეები, მათ შორის საბავშვო სივრცე. ეს შექმნის ახალ შესაძლებლობას უშუალოდ ხობელებისთვის, როგორც ბიზნესის წარმოების, ისე დამატებითი შემოსავლის მიღების თვალსაზრისით, და ამ მასშტაბის ერთ კონკრეტულ პროექტს პირველად ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად. გარდა იმისა, რომ უკვე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტებისთვის დღგ-ის განაწილების ფორმულით დამატებითი შემოსავლის მიღება, ინტენსიურად ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რომ კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი დაემატოს თითოეულ მუნიციპალიტეტს და, რა თქმა უნდა, ხობი აქაც ერთ-ერთი მოწინავე იქნება“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 10 წლიანი სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა ქალაქი უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხობის წყალმომარაგების სისტემა მოწესრიგებულია, საჭიროა რეზერვუარის რეაბილიტაცია, რომლის პროექტირება უკვე იწყება, რაც იძლევა წინა წლების მონაპოვარის შენარჩუნებისა და განვითარების საშუალებას.
„მომდევნო 4 წლის განმავლობაში დავაგებთ 1500 კმ-მდე გზა. 1500 კმ-ს იმიტომ, რომ 3000 კმ უკვე დაგებული გვაქვს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის წლევანდელი ბიუჯეტი 330 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც, ასევე თავის დროზე შემუშავებული სწორი და სამართლიანი გადანაწილების პრინციპით მივიღეთ. აქ, მუნიციპალიტეტებს შორის გვაქვს შეჯიბრობითობის პრინციპით, გათვალსიწინებულია საბონუსე სისტემა და აქაც დაწინაურებულია ხობის მუნიციპალიტეტი. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხობი მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარებული, კიდევ უფრო ინფრასტრუქტურულად სტაბილური და კიდევ მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება ხობელებისთვის,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

კომენტარები
იტვირთება...